არ შეიძლება ჩვენს რწმენაზე, ოჯახებზე, ღირებულებებზე ვიღაც ადამიანებს გარკვეული შეურაცხყოფები „გავუტაროთ“, ყველამ გააკონტროლოს თავი, რომ ადამიანის ღირსებას არ შეეხონ, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
წილოსანი MMA-ის მებრძოლის, გიორგი ქართველიშვილის მიერ „ქართული ღირებულებების, ფასეულობების და ტრადიციების დაცვის“ მიზნით ახალი მოძრაობის დაფუძნებას გამოეხმაურა.
„არ შეიძლება ჩვენს რწმენაზე, ოჯახებზე, ღირებულებებზე ვიღაც ადამიანებს გარკვეული შეურაცხყოფები „გავუტაროთ“. ჩვენი რწმენა, ოჯახები, გამორჩეული ეროვნული გმირები და საზოგადოებრივი მოღვაწეები არის ჩვენი ღირსება. როდესაც ადამიანის ღირსებას ეხები, უნდა იყო მზად, რომ ადამიანები საკუთარ ღირსებას დაიცავენ.
მე ძალიან არ მინდა, რომ ეს ფიზიკურ დაცვაში გადავიდეს, მაგრამ როდესაც შენ ამას მიზანმიმართულად აკეთებ, სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ესეც არ გამოირიცხება ხოლმე. ყველას მოვუწოდებ, ფიზიკური ანგარიშსწორება არ არის ფორმა, რომელიც მისაღებია, თუმცა ამავდროულად არც ერთი ასეთი მავნებლური და შეურაცხმყოფელი გამონათქვამი არ უნდა იყოს უპასუხოდ დარჩენილი.
ამ მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი, რომ ადამიანის ღირსებას არ შეეხონ. არის ის ნორმა და მორალური სტანდარტი, რომელსაც ქართული საზოგადოება საუკუნეებია შევთანხმდით...“ - განაცხადა წილოსანმა.
ცნობისთვის, MMA-ის მებრძოლმა, გიორგი ქართველიშვილმა, თანამოაზრეებთან ერთად, „ქართული ღირებულებების, ფასეულობების და ტრადიციების დაცვის მიზნით“, ახალი მოძრაობა დააფუძნა.
ქართველიშვილის თქმით, მოძრაობა ძალიან აქტიური, სოლიდური და მაქსიმალურად კონსტრუქციული იქნება, მაგრამ თუ ქართული კულტურისა და ეროვნული იდენტობის დაცვისთვის იქნება აუცილებელი, არანაირ საფრთხეს არ მოერიდებიან, მათ შორის, „მზად არიან თითოეულ ქმედებაზე აგონ პასუხი და საჭიროების შემთხვევაში ციხეშიც წავიდნენ.“