ბელგიაში, ანეს მუნიციპალიტეტის ქალაქ მარედსუში, საშობაო ბაზრობის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა. შემთხვევა კვირას, 15 ნოემბერს მოხდა.
როგორც გამოცემა Le Soir წერს, ხანძრის მიზეზი პროპანის ბალონის შემთხვევითი აფეთქება გახდა. აფეთქების შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა, მათგან ორი მძიმე მდგომარეობაშია.
„დაშავებულია ხუთი ადამიანი. ორი მათგანის მდგომარეობა მძიმეა. ერთი ვერტმფრენით ლიეჟის საავადმყოფოში გადაიყვანეს, მეორე კი - ნედერ-ოვერ-ჰემბეკის სამხედრო ჰოსპიტალში [თუმცა ეს ჯერ კიდევ დასადასტურებელია] მესამე პირმაც დამწვრობა მიიღო, დანარჩენ ორს კი შედარებით მსუბუქი დაზიანებები აქვთ“, - განაცხადა ანეს მუნიციპალიტეტის მერმა პიერ რონდიამ.
მეხანძრეებმა ხანძრის ლოკალიზება სწრაფად შეძლეს. ცეცხლმა ბაზრობის ტერიტორიაზე განთავსებული ორი სავაჭრო ჯიხური მთლიანად გაანადგურა, კიდევ ორი მეზობელი ჯიხური კი დააზიანა.