ირანელი სამხედრო მეთაურის, ყასემ სულეიმანის ლიკვიდაციის შემდეგ, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრაპმა განაცხადა, რომ თუ ირანი შურისძიებას დააპირებდა, აშშ-ს მიზანში ჰყავდა 52 ობიექტი, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია ირანისა და მისი კულტურისთვის.
ირანში ისტორიული მნიშვნელობის ასეულობით ობიექტია, მათგან 20-ზე მეტი იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია შესული.
ქვემოთ მოცემულია რამდენიმე მათგანი.
ნახშ-ე ჯაჰანის მოედანი
მდებარეობს ქალაქ ისპაჰანის ცენტრში. თანამედროვე იერი მოედანმა მიიღო XVI საუკუნეში, როდესაც ისპაჰანი გახდა სეფიანების იმპერიის დედაქალაქი.
1589 წელს შაჰ აბასმა დედაქალაქი ისპაანში გადაიტანა და დაიწყო აქტიური მშენებლობა.
იმამის მეჩეთი, ისპაჰანის დიდი მეჩეთი
იმამის მეჩეთი ნახშ-ე ჯაჰანის მოედანზე. მეჩეთი ისლამური არქიტექტურის ბრწყინვალე ნიმუშია და სპარსული არქიტექტურის ხელოვნების ქმნილებად მიიჩნევა.
მეჩეთზე მშენებლობა დაიწყო 1611 წელს და რამდენიმე ათეული წელი გრძელდებოდა. მეჩეთის ფასადის დიდებულება მეტწილად განპირობებულია შვიდფერი მოზაიკური ფილების სილამაზითა და კალიგრაფიული ორნამენტული წარწერებით.
იუნესკომ მეჩეთი მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში 2012 წელს შეიტანა.
გოლესტანის სასახლე
სასახლე და მუზეუმი თეირანში. "გოლესტანი" სიტყვასიტყვით ითარგმნება, როგორც "ვარდების სასახლე". ის იყო ყაჯართა დინასტიის ოფიციალური რეზიდენცია მას შემდეგ, რაც ირანის დედაქალაქი აღა მეჰმედ ხანმა ისპაჰანიდან თეირანში გადმოიტანა.
პერსეპოლისი
სპარსეთის იმპერიის უძველესი დედაქალაქი. იუნესკომ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში 1979 წელს შეიტანა.
ბეჰისთუნის წარწერა
მრავალენოვანი წარწერა, რომელიც მდებარეობს ირანის ქირმანშაჰის პროვინციაში, ბეჰისთუნის მთაზე.
წარწერა სპარსეთის იმპერიის მმართველის, დარიოს I-ის ზეობის პერიოდით თარიღდება და ეხება მის ბიოგრაფიას, მოდგმასა და წარმომავლობას.
აზადის კოშკი
აზადის კოშკი თეირანის ცენტრში, აზადის მოედანზე მდებარეობს. აშენდა და გაიხსნა ირანის უკანასკნელი შაჰის, მოჰამედ რეზა ფეჰლევის მმართველობის დროს. იგი მიეძღვნა ირანის სახელმწიფოებრიობის 2500 წლისთავს.
რუჰოლა ჰომეინის მავზოლეუმი
ირანის ისლამური რესპუბლიკის დამფუძნებლის აიათოლა რუჰოლა ჰომეინის მავზოლეუმი ირანელებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილია.