გინესის რეკორდების თანახმად, ლეონარდო და ვინჩის "მონა ლიზა" ფერწერული ტილოების ნიმუშებს შორის ყველაზე ძვირადღირებულია. 1962 წელს ის 100 მლნ დოლარად შეფასდა. ამჟამად, მისი ღირებულება 800 მლნ დოლარზე მეტს შეადგენს.
ჟურნალმა Forbes-მა უკანასკნელი ათწლეულის ყველაზე ძვირადღირებული ნახატების რეიტინგი გამოაქვეყნა:
კლოდ მონეს "თივის ზვინი" Sotheby’s-ის აუქციონმა 110,7 მლნ დოლარად გაყიდა. "თივის ზვინის" ყველა სერია მოიცავს 25-მდე ტილოს, რომლებიც მხატვარმა ჟივერნიში 1890-1891 წლებში შექმნა.
ნახატები ერთმანეთისგან სრულად განსხვავდება ფერით, შესრულების ტექნიკითა და ატმოსფერული ეფექტებით.
გაყიდული ნახატი ერთ-ერთია რვიდან, რომელიც კერძო კოლექციაში ინახება. დანარჩენი 17 დაცულია სხვადასხვა მუზეუმში - მეტროპოლიტენში, ორსეიში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტსა და ა.შ.
ამადეო მოდილიანის "მწოლიარე შიშველი ქალი" Sotheby's-ის აუქციონზე 157,2 მლნ დოლარად გაიყიდა. ნახატი მოდილიანის ოდესმე გაყიდულ ნამუშევრებს შორის ყველაზე ძვირადღირებული აღმოჩნდა.
ლეონარდო და ვინჩის "სამყაროს მხსნელი" Christie's-ის აუქციონზე 450,3 მლნ დოლარად გაიყიდა. ნახატი დაახლოებით 500 წლის წინ შეიქმნა. ის ლეონარდო და ვინჩის ერთადერთი ნამუშევარია, რომელიც ამ მომენტისთვის კერძო კოლექციაში ინახება.
გუსტავ კლიმტის "ადელ ბლოხ-ბაუერის პორტრეტი" 150 მლნ დოლარად გაიყიდა.
ამერიკელი მხატვრის უილიამ დე კუნინგის ნახატი "გაცვლა" 300 მლნ დოლარად გაიყიდა. მხატვარმა ეს ნამუშევარი 1955 წელს დაასრულა. 2015 წლის სექტემბერში დევიდ გეფენის ფონდმა ნახატი კენეტ გრიფინს 300 მლნ დოლარად მიჰყიდა, რის შედეგადაც ფერწერული ტილო მსოფლიოში ერთ-ერთი ძვირადღირებული გახდა. ამჟამად, ნახატი ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტში ინახება.
პოლ გოგენის ტილო "როდის არის ქორწილი?" 210 მლნ დოლარად გაიყიდა.ნახატი გოგენმა 1892 წელს შექმნა.
პაბლო პიკასოს "ძილი" 2013 წელს 155 მლნ დოლარად გაიყიდა. პიკასომ ტილო იმ პერიოდში შექმნა, როდესაც სიურეალიზმით იყო გატაცებული. ნამუშევარი ეძღვნება მხატვრის მორიგ სიყვარულს - მარია-ტერეზა ვოლტერს.
გუსტავ კლიმტის ტილო "წყლის გველები" 183,8 მლნ დოლარად გაიყიდა.
პოლ სეზანის ნამუშევარი "ბანქოს მოთამაშეები" 250 მლნ დოლარად გაიყიდა. ის იმ ნახატების სერიიდანაა, რომლებზეც გამოსახულია ადამიანები, რომლებიც ეწვიან, სვამენ ან ბანქოს თამაშობენ.
პაბლო პიკასოს ნახატი "გაშიშვლებული, მწვანე ფოთლები და ბიუსტი" 106,5 მლნ დოლარად Christie’s-ის აუქციონზე გაიყიდა. ნახატი 1936 წელს ნიუ იორკელმა დილერმა პოლ როზენბერგმა შეიძინა, რის შემდეგაც 1951 წელს ამერიკელ დეველოპერს სიდნი ბროუდის მიჰყიდა.
ბროუდის გარდაცვალების შემდეგ 2010 წელს, ტილო Christie’s-ის აუქციონზე გასაყიდად გამოიფინა. ნახატი უცნობმა კოლექციონერმა შეიძინა.