ვარძია შესაძლოა იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანონ. ამის შესახებ ნათქვამია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.
"ვარძია-ხერთვისი-ოლოდას კულტურული ლანდშაფტის დაცვისა და განვითარების მექანიზმის შემუშავებისა და ისტორიული არეალის UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში სამომავლო ნომინირების შესაძლებლობების გამოვლენის მიზნით, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (US AID) ზრდა პროგრამის ფინანსური ხელშეწყობის საფუძველზე აგრძელებს მართვის სისტემაზე მუშაობას, - აღნიშნულია განცხადებაში.
ვარძია-ხერთვისის კულტურული ლანდშაფტი საქართველომ მსოფლიო მემკვიდრეობის წინასწარულ ნუსხაში 1999 წელს წარადგინა. სანომინაციო განაცხადი UNESCO-ს მიერ ქართულ მხარეს მობრუნებული აქვს მართვის ინსტრუმენტების გაძლიერების რეკომენდაციით.
განვლილ 5 წელიწადში სხვადასხვა სახელმწიფო უწყების, კერძო საქველმოქმედო ფონდებისა და საერთაშორისო ინსტიტუციების დაფინანსებით განცხორციელებული მნიშვნელოვანი სარეაბილიტაციო-საკონსერვაციო და ინფრასტრუქტურული ღონისძიებების მიუხედავად, ჯერ კიდევ არსებობს რამდენიმე პრობლემური საკითხი, რომლის გადაწყვეტის გარეშე გამორჩეული ისტორიულ-კულტურული არეალის ხელახალი ნომინირება მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში წარუმატებელი აღმოჩნდება.
პრობლემურ მიმართულებად ამ დრომდე რჩება ვარძია-ხერთვისის სათანადო დაცვისა და მართვის სისტემის დაფუძნება, რაც მხოლოდ უწყებათაშორისი კოორდინიებული ქმედებებითაა შესაძლებელი.
USAID-ის ზრდა პროგრამა საქართველოში კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და მართვის გაუმჯობესების ქმედებებში მიმდინარე წლიდანაა აქტიურად ჩართული.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და საერთაშიროსო ინსტიტუტის პროგრამას შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე უკვე მიღწეულია მნიშვნელოვანი შედეგები, რომელთაგან აღსანიშნავნია მუზეუმ-ნაკრძალების თანამშრომლების ეკიპირების, კვალიფიკაციის ამაღლებისა, ვიზიტორთა ცენტრების საინფორმაციო-შემეცნებითი მულტიმედიური აპარატურით აღჭურვის პროექტები.