20 წლის ქართველმა სპორტსმენმა, ლუკა შონიამ საერთაშორისო კიკბოქსინგის ორგანიზაციის - WAKO-ის ეგიდით გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა.
თურქეთის ქალაქ ანტალიაში დასრულებულ მსოფლიო პირველობაზე შონიამ -67 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზა და 4 შეხვედრის მოგებით ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.
ანგოლელი, რუსი და უკრაინელი მეტოქეების დამარცხების შემდეგ, ქართველმა კიკბოქსიორმა ფინალში ყაზახ ნურსულთან ხასანოვს სძლია და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა.
საერთაშორისო კიკბოქსინგის ორგანიზაცია - WAKO აღიარებულია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ. აღსანიშნავია, რომ ორგანიზაცია სოკ-თან აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს კიკბოქსინგის ოლიმპიურ პროგრამაში შეტანასთან დაკავშირებით.