უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ პოლიტიკური რეფორმა, რომელიც 2004 წელს ჩატარდა და რომლის მიხედვითაც ქვეყნის პრეზიდენტის ზოგი უფლებამოსილება პარლამენტის ხელში გადავიდა, უკრაინის კანონმდებლობას ეწინააღმდეგება.
თავის დროზე, პარლამენტსა და პრეზიდენტს შორის უფლებამოსილებათა გადანაწილება "ნარინჯისფერებსა" და "ლურჯებს" შორის 2004 წლის პოლიტიკური კრიზისის დროს შეთანხმების ერთ-ერთი პირობა იყო.
რამდენიმე ხნით ადრე 2004 წლის ცვლილებათა კანონიერების განხილვის მოთხოვნით სასამართლოს უკრაინის პარლამენტში 252 წევრმა მიმართა.
"აღიარებულია, რომ არ შეესაბამება უკრაინის კონსტიტუციას (არაკონსტიტუციურია) 2004 წლის 8 დეკემბრის უკრაინის კანონი "უკრაინის კონსტიტუციაში ცვლილებათა მიღების შესახებ" საკონსტიტუციო პროცედურის დარღვევით მისი განხილვისა და მიღების შესახებ", _ ნათქვამია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში.
უკვე უკანონოდ აღიარებული რეფორმა არაერთხელ გამხდარა პოლიტიკური წინააღმდეგობის საბაბი ერთის მხრივ პრეზიდენტსა, ხოლო მეორეს მხრივ მინისტრთა კაბინეტსა და პარლამენტარებს შორის.
უკრაინის ექს-პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო, რომელიც ქვეყანას 2005 დან 2010 წლამდე მართავდა, ასევე გეგმავდა ანალოგიური პოლიტიკური რეფორმის ჩატარებას, რომელიც პრეზიდენტს გარკვეულ უფლებამოსილებებს დაუბრუნებდა, თუმცა მისი მცდელობები უშედეგო აღმოჩნდა.
უკრაინის ახლანდელმა პრეზიდენტმაც არაერთგზის გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ იგი 2004 წელს შემოღებული ცვლილებების გაუქმებასა და პრეზიდენტის უფლებამოსილებების გამყარებას აპირებს.
უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენელი საკონსტიტუციო სასამართლოში ელენა ლუკაში აცხადებს, რომ უკრაინა ამჟამად 1996 წლის კონსტიტუციით ცხოვრობს.
მასალის გამოყენების პირობები