საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ალექსანდრე ნალბანდოვი ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით ესტუმრა ალექსანდრიის ბიბლიოთეკას, სადაც საზეიმო ვითარებაში ბიბლიოთეკას გადაეცა შემდეგი წიგნები და ალბომები:
🔹„კულტურა და მხატვრული ცხოვრება საქართველოს პირველ რესპუბლიკაში (1918-1921)“;
🔹„აფხაზეთი, საქართველო: ისტორია, კულტურა, პოლიტიკა” (ქართულ და არაბულ ენებზე);
🔹„აფხაზეთის თანამედროვე მხატვრები“;
🔹“ქართული კულტურული მემკვიდრეობა- აფხაზეთი“;
🔹 „Georgia- Land of Hospitality”.
აღსანიშნავია, რომ საელჩოს მიერ ალექსანდრიის ბიბლიოთეკას საქართველოში გამოცემული სხვადასხვა თემატიკის წიგნები უკვე მეორედ გადაეცა.
საქართველოს ელჩმა ასევე გამართა შეხვედრები ალექსანდრიის ბიბლიოთეკის დირექტორ მუსტაფა ელ ფეკისთან და ბიბლიოთეკის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროტოკოლის განყოფილების ხელმძღვანელ შერიფ რიადთან, სადაც მხარეებმა განიხილეს შემდგომი თანამშრომლობის საკითხები.
საელჩოს ორგანიზებით და ალექსანდრიის ბიბლიოთეკასთან თანამშრმლობით ქართველ სტუდენტებს, რომლებიც ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის განათლების სამინისტროსთან არსებულ უცხოელთათვის არაბული ენის შემსწავლელ ცენტრში სწავლობენ, შესაძლებლობა მიეცათ გაცნობოდნენ ალექსანდრიის ბიბლიოთეკაში დაცულ უძველეს მანუსკრიპტებსა და სხვა ღირშესანიშნაობებს.
აღსანიშნავია, რომ ალექსანდრიის ბიბლიოთეკასა და საქართველოს საელჩოს შორის შემდგარი შეთანხმების საფუძველზე ღონისძიების მონაწილე ქართველ სტუდენტებს, ეგვიპტეში მათი სწავლის პერიოდში უსასყიდლოდ შეეძლებათ ისარგებლონ ბიბლიოთეკის წიგნის ფონდით.