ქართულ-შვედური ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" რეჟისორი ლევან აკინი თბილისში, ჰომოფობიური ჯგუფების მიერ ფილმის პრემიერის ჩაშლის მცდელობას Instagram-ზე ეხმიანება.
"ძალიან ამაყი ვარ, რომ არცერთმა კინოთეატრმა არათუ უკან არ დაიხია და არ გააუქმა უკვე დაგეგმილი კინოჩვენება, არამედ სოლიდარობა გამოუცხადა მაყურებელს.
საბოლოოდ ქართველმა მაყურებელმა შეძლო ფილმის ნახვა.
ძალიან შთაგონებული და შეძრული ვარ ქართველი მაყურებლების გამბედაობით, რომლებიც იდგნენ მედგრად და არ დაშინებულან“, - წერს ლევან აკინი Instagram-ზე.
მიუხედავად ჰომოფობიური ჯგუფების საპროტესტო აქციებისა და პრემიერის ჩაშლის მცდელობისა, ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" პრემიერა შედგა.
აღსანიშნავია, რომ საპროტესტო აქციის მონაწილეებს ჰქონდათ მცდელობა გაერღვიათ პოლიციის კორდონი და კინოთეატრში შეეღწიათ, თუმცა მათ ამის საშუალება არ მიეცათ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაახლოებით 30-მდე აქციის მონაწილე დააკავა.
ფილმის პრემიერა 9 და 10 ნოემბერს გაგრძელდება.