პარიზში, ევროპული მემკვიდრეობის დაჯილდოებაზე, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს დელეგაციასთან ერთად ესწრება, ციხე-სოფელ მუცოს "საზოგადოების რჩეულის", მისი რეაბილიტაციის პროექტს კი, "ევროპა ნოსტრას" ჯილდო მიენიჭა.
აღნიშნული პროექტი ჟიურის მიერ 34 ქვეყნის 149 განაცხადიდან შეირჩა.
პროექტი, კონკურსზე საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ 2018 წელს წარადგინა.
საქართველოს პრეზიდენტმა სამიტის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და ქართული პროექტის აღიარებისა და მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.
სალომე ზურაბიშვილმა დელეგატები მუცოში დაპატიჟა და აღნიშნა, რომ ამ სოფლის დათვალიერება სხვა სამყაროსა და სხვა საუკუნეში მოგზაურობას ნიშნავს.
"ყველა პროექტი ადამიანებთანაა დაკავშირებული. მუცოს რეაბილიტაციის პროექტი კი, სოსო ბანძელაძეს უკავშირდება, რომელიც დღეს ჩვენს შორის აღარაა. ის ალბათ, ვერასოდეს წარმოიდგენდა, რომ ოდესმე, პარიზში, შატლეს თეატრში მისი პროექტი "საზოგადოების რჩეულის" პრიზს მიიღებდა.
ეს კი ევროპაში დაბრუნებას ნიშნავს.
მიმაჩნია, რომ ჩემი, როგორც საქართველოს პრეზიდენტის, მისია საქართველოს ევროპაში დაბრუნებაა. ევროპაში კი ჩვენ ასე ვბრუნდებით - კულტურით", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
სალომე ზურაბიშვილმა სამიტის მონაწილეებს უახლოეს მომავალში საქართველოში კულტურული მემკვიდრეობის დღეების ჩატარება შესთავაზა.