დღეს, 29 ოქტომბერს, პარიზში, კულტურული მემკვიდრეობის სამიტზე დაჯილდოვდება მუცოს რეაბილიტაციის პროექტი.
სამიტზე დასასწრებად პარიზს გაემგზავრა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
სამიტზე 27 გამარჯვებულს შორის ციხე-სოფელი მუცოს რეაბილიტაციის პროექტიც დასახელდება, რომელიც კომპეტენტური ჟიურის მიერ 34 ქვეყნის 149 განაცხადიდან შეირჩა და წლის საუკეთესო კონსერვაციის პროექტად დასახელდა.
აღნიშნული პროექტი კონკურსზე საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ 2018 წელს წარადგინა.
ღონისძიების ფარგლებში, ასევე ცნობილი გახდება 7 გრანპრის ლაურეატი და ნომინაციის „საზოგადოების რჩეული“ გამარჯვებული, რომლის მოსაპოვებლად კანდიდატურებისთვის ევროპისა და მსოფლიოს მოქალაქეების მხარდაჭერაა საჭირო.
ევროპა ნოსტრა წარმოადგენს საზოგადოებრივი ორგანიზაციების პანევროპულ ფედერაციას, რომელსაც მხარს უჭერენ როგორც კერძო კომპანიები, ასევე საჯარო დაწესებულებები და ინდივიდები. ორგანიზაცია აერთიანებს ევროპის 40 ქვეყანას და მიზნად ისახავს ევროპის კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვას.
ევროპანოსტრა დაარსდა 1963 წელს და დღეისთვის იგი ყველაზე წარმომადგენლობითი ევროპული ქსელია.