შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა მაჩალიკაშვილის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურაში გამოკითხვის შესახებ მედიასთან კომენტარი გააკეთა. „მივაწოდე ინფორმაცია, რა ბრძანებები გავეცით, ვისი ნებართვით დაიწყო ღონისძიება, რაც საჭირო იყო, ყველა ინფორმაცია მივაწოდე პროკურატურას“.
მინისტრის თქმით, ღონისძიებაზე სპეციალური დანიშნულების რაზმის თითოეული წევრი ინდივიდუალურად იღებს გადაწყვეტილებას.
„მე თვითონ ვიყავი რიგითი სპეცრაზმელი და 8 წელი მომიწია მუშაობა. იქ მე ვწყვეტ, უკვე უნდა ვისროლო თუ არ უნდა ვისროლო. ამას არ ეკითხები, ბატონო მინისტრო, ცეცხლი გავხსნა თუ არ გავხსნა. იქ შენ ხარ მინისტრიც, პრემიერ-მინისტრიც და ყველაფერი.
პროკურატურა იძიებს საქმეს. თუ მოხდა გადაცდომა, პროკურატურამ და სასამართლომ უნდა გვითხრას, მე ვერ შევაფასებ. კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ ოპერაციის დაწყებას წყვეტს მეთაური, სპეცდანიშნულების რაზმის და არა მინისტრი. კონკრეტულ სროლას წყვეტს ინდივიდუალური სპეცრაზმელი", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.