ნაქალაქარ ნეკრესზე აღმოაჩინეს V საუკუნის კატაკომბური ტიპის კრიპტა, მიწისქვეშა კატაკომბებით, რომელშიც დაკრძალულია ადგილობრივი დიდგვაროვნების ნაშთები, - ნათქვამია საქართველოს ეროვნული მუზეუმის ვებგვერდზე.
მუზეუმის ინფორმაციით, განვლილ სეზონებში, უღრანი ტყით დაფარული გორაკის სიღრმიდან თანდათან გამოვლინდა უაღრესად მასშტაბური ქრისტიანული ბაზილიკა, რომლის მხოლოდ ცენტრალური, სამნავიანი დარბაზის ზომებიც კი (36 მ X 18.5 მ) გაცილებით აღემატება აღმოსავლეთ საქართველოში დღემდე ცნობილ ბაზილიკურ ტაძრებს.
„აღსანიშნავია, რომ პასტოფორიუმებს შორის ჩაწერილი საკურთხევლის ნალისებრი აფსიდის, მრავალსაფეხუროვანი სინთრონონის და ავანსცენური ამბიონის ქვეშ, სარდაფისებრი კრიპტაც აღმოჩდა წმინდა ნაწილების მოსათავსებელი ლუსკუმითურთ. მსგავსი რელიქვარიუმი ადრეულ ქართულ ქრისტიანულ ეკლესიებში დღემდე არ ყოფილა დადასტურებული, რომაულ-ადრებიზანტიური ბაზილიკებში კი ასეთი კომპონენტი ფრიად გავრცელებული იყო.
გარდა ამისა, არქეოლოგიურმა სამუშაოებმა დაგვანახა, რომ ტაძარს ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან, იმთავითვე მთელ სიგრძეზე გაუყვებოდა ეკვდერებისა და გალერეების სისტემა. შემორჩენილი არქიტექტურული ელემენტების, მიკვლეული ნივთიერი მასალისა და ორგანული ნაშთების რადიოკარბონული ანალიზის საფუძველზე გამოირკვა, რომ ეს ბაზილიკა IV -V საუკუნეთა მიჯნაზე ყოფილა აგებული IV საუკუნის მოზრდილი (25 მ X 15 მ), ე.წ. სამეკლესიიანი ბაზილიკის ტიპის, მართკუთხა საკურთხევლიანი ტაძრის ნანგრევებზე. ამრიგად, ნათელი გახდა, რომ დოლოჭოპის კომპლექსის სახით საქმე გვაქვს თავდაპირველი გეგმარებით თითქმის სრულად შემორჩენილ, საქართველოში ჯერჯერობით უდიდეს და უძველეს ქრისტიანულ სატაძრო ცენტრთან, რომელიც თავისი მასშტაბით არ ჩამოუვარდება რომის იმპერიისა თუ ადრებიზანტიური სამყაროს პირველ, საყოველთაოდ ცნობილ, თითქმის ანალოგიური გეგმარების ნაგებობებს.
2019 წლის აგვისტო-სექტემბერში ჩატარებულმა ექსპედიციამ, საქართველოს ეროვნული მუზეუმის მეცნიერების - ნოდარ ბახტაძის, ვაჟა მამიაშვილის, ბაჩანა გაბეხაძის და ჯიმშერ ჩხვიმიანის შემადგენლობით, ამ კომპლექსის ისტორიასა და გეგმარებით თავისებურებებში კიდევ უფრო მნიშვნელოვანი სიცხადე შეიტანა. გამოირკვა, რომ ანსამბლის ამჟამინდელი დომინანტი ნაგებობა - კავკასიის მასშტაბით ისედაც გიგანტური ბაზილიკა, ქრისტიანული ეპარქიის კათედრალური ცენტრის შემადგენელი მხოლოდ ერთ-ერთი ნაგებობა ყოფილა. IV საუკუნის მე-2 ნახევარში ეს კომპლექსი მოიცავდა თავდაცვითი ზღუდებით და სხვადასხვა დამხმარე შენობებით გარშემორტყმულ, მინიმუმ 2500 კვ.მ. ფართობის შიდა ეზოს, რომლის ცენტრში განლაგებული იყო თავდაპირველი, მართკუთხა საკურთხევლიანი „მცირე" ტაძარი და მასზე დასავლეთიდან მიმდებარე ორსართულიანი საეპისკოპოსო სასახლე. როგორც ჩანს, ამავე საუკუნის მიწურულს ტაძარი მიწისძვრის შედეგად დანგრეულა. თითქმის მაშინვე, მის მოსწორებულ საფუძველზე და მეზობელ ღია სივრცეებში, გაცილებით დიდი და დღემდე გაცილებით სრულად შემორჩენილი, აღწერილი გრანდიოზული სამნავიანი ბაზილიკა ჩაუშენებიათ (ეპისკოპოსის სასახლეზე მიჯრით, თუმცა აღმოსავლეთისკენ ზუსტი ორიენტირების გამო, მისი კედლიდან ცერად აცდენილი). ახალ ტაძარს პრაქტიკულად სრულად შეუვსია შიდა ეზო, თანაც მას კომპლექსის ირგვლივ მდებარე დამხმარე ნაგებობები იმგვარად გადაუფარავს, რომ ისინი 18 მ-მდე სიმაღლის ტაძრის მოცულობაში თითქოსდა დაქვემდებარებულ ფორმებადღა აღიქმებოდნენ და, ალბათ, მისი დიდებული ხუროთმოძღვრის ჩანაფიქრიც ეს იქნებოდა.
გარდა აღნიშნული ფაქტის დადასტურებისა, მიმდინარე სეზონის კიდევ ერთ მნიშვნელოვანი აღმოჩენაა ხაზგასასმელი, დიდი ბაზილიკის სამხრეთის გალერეის სარდაფის სართულში დადასტურდა 30 მ-მდე სიგრძისა და 3 მ სიგანის კატაკომბური ტიპის კრიპტა მისივე იატაკის დონეზე მოწყობილი შესასვლელით. ამ ღია სივრცეში, იატაკიდან ოდნავ შემაღლებით ჩამწკრივებულ 10 ქვაყუთის ტიპის სამარხში საერო პირები, სავარაუდოდ ამ ქალაქის დიდგვაროვანი მოქალაქეები აღმოჩნდნენ დაკრძალულნი. ზოგი სამარხი ინდივიდუალურია, უმრავლესობა კი წყვილადი - მეუღლეების განსასვენებლად. სამარხები, მიცვალებულთათვის ჩაყოლებული სამკაულით და ძვლოვანი ნაშთების რადიოკარბონული ანალიზით V საუკუნით თარიღდება. მსგავსი ღია სივრციანი, სარდაფისებრი კრიპტა-გალერეები ჩვეულებრივი მოვლენაა რომაულ-ადრებიზანტიური სამყაროს ადრექრისტიანულ ტაძრებში, საქართველოში კი ეს ელემენტიც პირველად დოლოჭოპის ბაზილიკაში დადასტურდა“, - იტყობინება ეროვნული მუზეუმი.
საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიური ექსპედიცია 2006 წლიდან მოყოლებული იკვლევს ყვარლის მუნიციპალიტეტში, მდ. დურუჯის მარჯვენა სანაპიროსთან აღმოჩენილ ადრექრისტიანული ხანის დიდ სატაძრო კომპლექსს. ეს მიდამოები ანტიკურ ეპოქასა და ადრეულ შუა საუკუნეებში ქალაქ ნეკრესის უბანს წარმოადგენდა, ამჟამად კი მას ნასოფლარ დოლოჭოპს უწოდებენ.
2012 წლიდან ამ ძეგლზე მონაცვლეობით მიმდინარე არქეოლოგიურ და საკონსერვაციო სამუშაოებს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო აფინანსებს. ამ პერიოდიდანვე, კომპლექსის არქეოლოგიურ კვლევაში აქტიურად არიან ჩაბმულნი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებიც.