2020 წელს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის უმაღლესი ორგანოს - აღმასრულებელი საბჭოს სხდომა საქართველოში გაიმართება. ორგანიზაციის გენერალური მდივნის ზურაბ პოლოლიკაშვილის წინადადებას გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის 23-ე გენერალურ ასამბლეაზე დაუჭირეს მხარე.
აღმასრულებელი საბჭო 35 წევრი სახელმწიფოსგან შედგება და იგი გლობალური დღის წესრიგით გათვალისწინებული მოგზაურობისა და ტურიზმის ინდუსტრიის პოლიტიკის ძირითად საკითხებს განიხილავს. აღმასრულებელი საბჭოს სხდომას ყოველწლიურად სხვადასხვა სახელმწიფო მასპინძლობს და ტურიზმის მინისტრები, ტრანსნაციონალური კორპორაციებისა და კომპანიების პრეზიდენტები და საერთაშორისო მედია ესწრება.
აღმასრულებელი საბჭოს სხდომა 2020 წელს ესპანეთში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა ზურაბ პოლოლიკაშვილის შუამდგომლობით ესპანეთი ღონისძიებას 2021 წელს უმასპინძლებს.
"მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ ჩემი ინიციატივის მხარდაჭერისთვის, 2020 წელს საქართველოში გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომის ჩატარებასთან დაკავშირებით. თქვენ გიმასპინძლებთ დიდი ისტორიისა და კულტურის მქონე ულამაზესი ქვეყანა, სტუმართმოყვარე ხალხით, ქვეყანა რომელიც მიჩნეულია ღვინის სამშობლოდ, აქვს უნიკალური დამწერლობა და ტრადიციები.
ეს პირველი ევროპელების სამშობლოა. მაქვს პატივი, 2020 წელს გიმასპინძლოთ ულამაზეს საქართველოში, სადაც თქვენ გაეცნობით ქვეყნის მდიდარ პოტენციალს, ასევე იმ მნიშვნელოვან რეფორმებს, რომელმაც საქართველოს განსაკუთრებული ადგილი დაუმკვიდრა მსოფლიო რუკაზე." - განაცხადა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივნმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა.