შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტი ეხმიანება სოფელ ჩორჩანასთან და რუსეთის მიერ ოკუპირებულ სოფელ წნელისში განვითარებულ მოვლენებს და განცხადებას აქვეყნებს:
"რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთის მილიტარიზაციის პროცესის გაგრძელება მიუღებელი და აღმაშფოთებელია. პუტინი და მისი მთავრობა დაუფიქრებლად უგულვებელყოფენ სხვა ერების სუვერენიტეტს.
რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს დესტრუქციული ქცევები და პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტს", - აღნიშნულია საგარეო საქმეთა კომიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გუშინ, საოკუპაციო რეჟიმის მიერ ოკუპირებულ სოფელ წნელისში ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებისა და თბილისის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა.
განხილვის მთავარი თემა ქართული მხარის მიერ სოფელ ჩორჩანასთან აგებული საგუშაგო იყო. ოსური მხარი მოითხოვდა საგუშაგოს აღებას, რაზედაც ქართული მხარე კატეგორიულ უარს აცხადებს.
ჩორჩანასთან არსებული საგუშაგოს დაუყოვნებლივ აღების მოთხოვნით ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ულტიმატუმი ჯერ კიდევ 29 აგვისტოს წაუყენა ქართულ მხარეს, რომლის ვადა, 30 აგვისტოს, გამთენიის 6 საათზე გავიდა.
მიუხედავად ამ ულტიმატუმისა, ქართულმა მხარემ საგუშაგო არათუ აიღო, არამედ მის გამაგრებას აგრძელებს. ოსური მხარე ირწმუნებოდა, რომ ულტიმატუმის შეუსრულებლობის შემთხვევაში ისინი "კანონის შესაბამისად იმოქმედებდნენ".
ამასთან, 29 აგვისტოს ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 95-ე შეხვედრა გაიმართა.
ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ინფორმაციით, შეხვედრაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული ყველა საკითხი ვერ განიხილეს, რადგან ის ჩაიშალა.
30 აგვისტოს რუსეთის მიერ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ "მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტი სოფელ წნელისში საგუშაგოს განათავსებს".
იმავე დღეს, სოფელ ჩორჩანასთან განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და ვითარების გამწვავებაში თბილისი დაადანაშაულა.
შეგახსენებთ, სოფელი წნელისი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარეობს, ხოლო ხაშურის რაიონის სოფელი ჩორჩანა საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა მოქცეული.