ბრიტანეთის მთავრობამ აკრძალა ლეგენდარული იმპრესიონისტის კლოდ მონეს ფერწერული ნამუშევრის - „დოჟების სასახლის" ქვეყნიდან გატანა. იუწყება BBC-ი.
1908 წელს შექმნილი ნახატი თითქმის 100 წლის განმავლობაში ლონდონში მცხოვრები ოჯახის მფლობელობაში იმყოფებოდა, სანამ მას თებერვალში გამართულ Sothebys-ის აუქციონზე უცნობი მყიდველი 28 მლნ ფუნტად შეიძენდა.
აღსანიშნავია, რომ მთავრობას მხოლოდ დროებით შეუძლია მნიშვნელოვანი ფერწერული ნამუშევრის საზღვარგარეთ გატანის შეჩერება.
ბრიტანულ გალეერებს, მხოლოდ სამი თვე აქვთ იმისათვის, რათა შეაგროვონ ნახატის ღირებულების თანხა, რასაც კიდევ დღგ-ის სახით 706 800 ფუნტი ემატება.
ნახატის მფლობელის ვინაობას არ ასახელებენ არც Sothebys-ის აუქციონისა და არც ბრიტანეთის კულტურის დეპარტამენტის წარმომადგენლები.
ბრიტანეთის ხელოვნების მინისტრის რებეკა პოს თქმით, მონეს ეს ქმნილება მხატვრის შემოქმედების უიშვიათესი და ულამაზესი ნიმუშია და ყველაფერი უნდა იღონონ, რომ საგანძური დარჩეს დიდ ბრიტანეთში.
კლოდ მონემ „დოჟების სასახლე" ვენეციაში ყოფნის დროს, 1908 წელს, სამი სხვადასხვა ვარიანტით შექმნა. ორი სხვა ფერწერული ტილო ნიუ-იორკის ბრუკლინისა და ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის მუზეუმებში ინახება.
მონე იმპრესიონიზმის ერთ-ერთ დამფუძნებლად არის აღიარებული.