მაიკლ ბენგმა მასტერკლასი ამჯერად ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საქართველოს საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის გამართა. საკონვენციო ბიურო, რომელიც ტურიზმის ადმინისტრაციის დანაყოფია ქვეყანაში საქმიანი ტურიზმის განვითარებაზე მუშაობს.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ მოწვეულმა საერთაშორისო სპიკერმა დღეს MICE ტურიზმის გასავითარებლად და ხელშესაწყობად შემუშავებული ტრენინგი თემაზე: "როგორ შევქმნათ 5 ვარსკვლავიანი გაყიდვების და კომუნიკაციების სისტემა" ჩაატარა.
„როგორც მოგეხსენებათ წლის დასაწყისში ტურიზმის ეროვნულმა დამინისტრაციამ დაიწყო მასშტაბური გადამზადების პროგრამა, დღევანდელი და გუშინდელი ტრენინგები არის იმ პროგრამის ნაწილი რომელიც დავიწყეთ 2019 წლის დასაწყისში.
განსაკუთრებული მნიშვნელობის არის ეს ტრენინგი იქედან გამომდინარე, რომ ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მოიწვია მსოფლიო დონის ტრენერი, რომელიც ჩვენს კერძო სექტორს 2 დღის განმავლობაში ასწავლის თუ როგორ უნდა დაიხვეწოს მათი როგორც გაყიდვების ასევე მოლაპარაკებების უნარ-ჩვევები.
ყველა ბიზნესს თავისი მიმართულებებით ესაჭიროება სწორი საერთაშორისო სტანდარტების დამატებითი ცოდნის მიღება. ეს ტრენინგი დაეხმარება მათ ახალი ბიზნეს ურთიერთობების დამყარებასა და სხვადასხვა საერთაშორისო ბაზრებზე წილის გაზრდაში", - აღნიშნა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა ტრენინგის დაწყების წინ.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით და MCI Group - Management Consulting Investment-თან პარტნიორობით მაიკლ ბენგმა მასტერკლასი თბილისში 2 დღის განმავლობაში ჩაატარა და მას ტურისტული ინდუსტრიის 200 ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო.
საერთაშორისო სპიკერის მაიკლ ბენგის მასტრეკლასის ფარგლებში განხილულ იქნა აქტიური გაყიდვების სტრატეგიები და ეფექტური კომუნიკაციების მეთოდები.
მაიკლ ბენგს მრავალწლიანი გამოცდილება აქვს გაყიდვების, მოლაპარაკებების, ზოგადად მომსახურების და ინვესტიციების მოზიდვის სფეროში.
ბენგი ცნობილია მის მიერ შექმნილი საავტორო პროგრამებით, რომლებიც აქტიურ გაყიდვებს, დროის ეფექტური მართვას და კლიენტთა მომსახურებას უკავშირდება. სხვა დანარჩენ ორგანიზაციებთან ერთად, ბენგს ჩატარებული აქვს ტრენინგები შემდეგ კომპანიებში: Panasonic, Toyota, Volvo, Nestle, Unilever, Heineken.