5 მაისს, საქართველოში უკვე ტრადიციად ქცეული ევროპის დღეები ოფიციალურად დაიწყება და მაისის ბოლომდე გაგრძელდება.
დღეს, 5 მაისს, ერთი დღით, თბილისის რიყის პარკი „ევროსოფლად“ გადაიქცევა და მთელი დღის განმავლობაში ინფორმაციული და გასართობი აქტივობებით ევროკავშირში გამოგზაურებთ.
ღონისძიებაზე მონაწილეობენ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები და ევროკავშირის პროგრამები. ისინი წარმოგიდგენენ საქართველოში განხორცილებულ აქტივობებს და იმ შესაძლებლობებს, რომლებსაც საქართველოს მოქალაქეებს სთავაზობენ.
ევროპის დღის ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება მუსიკალური ნომრები, საოჯახო გასართობი აქტივობები, მრავალფეროვანი თამაშები, ქართული და ევროპული ზღაპრების თეატრალური წარმოდგენები. კვების განყოფილებაში შესაძლებლობა გექნებათ შეიგრძნოთ ევროპის „გემო“.
ღონისძიების კულმინაცია იქნება საღამოს კონცერტი ჯგუფი 33ა და DJ Nicole-ს მონაწილეობით.
ევროპის დღეების ფარგლებში წელს უკვე მეექვსედ მასწავლებლებისთვის გაიმართება სემინარი მასწავლებელი - მეგზური ევროპისკენ. სემინარს დაესწრება საქართველოს რეგიონებიდან და თბილისიდან 150 მასწავლებელი. გამოვლინდებიან წლის განმავლობაში განხორციელებული საუკეთესო პროექტების ავტორი პედაგოგები, რომლებსაც გადაეცემათ სპეციალური პრიზი.
აგრეთვე, ევროპის დღეების ფარგლებში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გაიმართება სემინარი: ევროპა - ისტორიული არჩევანი, რომელსაც, საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მერები და საკრებულოს თავმჯდომარეები (120 მონაწილე) დაესწრებიან.
ევროპის დღეების ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობს: ფართო საზოგადოება, აღმასრულებელი ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსისა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები, მოწვეული ექსპერტები. გაიმართება მრავალი ღონისძიება როგორც თბილისში, ასევე, საქართველოს რეგიონებში, ჯამში 80-მდე ღონისძიება.
ევროპის დღეები წლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია, რომლის ფარგლებშიც იმართება საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობისა და ევროინტეგრაციის საკითხებზე მრავალი ღონისძიება. მზარდი ანტი-დასავლური პროპაგანდის ფონზე, მნიშვნელოვანია საზოგადოებასთან ინტენსიური დიალოგი და მოქალაქეების აღნიშნულ პროცესში აქტიური ჩართვა, რაც თავის მხრივ, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმართ საზოგადოების მხარდაჭერის წინაპირობაა.