3 აპრილს, ოთხშაბათს, 11 საათზე სასტუმრო „რუმსი თბილისში" სოციოლოგიური კვლევის შედეგები გამოქვეყნდება, რომელიც საქართველოს დემოკრატიის მდგომარეობას ეხება. კვლევა სწავლობს მოსახლეობის ნდობას სახელმწიფო უწყებების მიმართ და განწყობას პოლიტიკური პარტიების, კორუფციის, მედიის, სოციალური სამართლიანობის, რელიგიური გაერთიანებებისა და სხვა საკითხების შესახებ.
მოსახლეობის გამოკითხვა 2018 წლის 16-27 ნოემბერში თბილისსა და რეგიონებში ჩატარდა. გამოიკითხა 1786 რესპონდენტი (599 თბილისში, 1187 რეგიონებში). გამოკითხვის პროცესში ფორმულირებული შეკითხვების მეშვეობით პირველად მოხდა მოსახლეობის განწყობის კვლევა რიგი საკითხების შესახებ, რაც სრულიად ახალი ინფორმაციაა მოსახლეობის განწყობის შესახებ ზოგიერთ თემაზე.
სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგები საქართველოს დემოკრატიის მდგომარეობის შეფასების დიდი კვლევის ნაწილია, რომელიც 2019 წლის გაზაფხულის ბოლოს გამოქვეყნდება.
საქართველოს ტერიტორიაზე მოსახლეობის გამოკითხვა ჩაატარა კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა (CRRC), ღია საზოგადოების ფონდისა და საერთაშორისო ორგანიზაცია International IDEA (ინთერნეშენალ აიდია) ერთობლივი პროექტის ფარგლებში.
International IDEA -ს დემოკრატიის მდგომარეობის შეფასების ანგარიში მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აქვს მომზადებული. საქართველოში კი ასეთი ანგარიში პირველად მზადდება. ამ ანგარიშზე 15-მდე ავტორი გამოცდილი ექსპერტი მუშაობს.