ქვეყანას არ გააჩნია შშმ პირთა უფლებების შესახებ ამ უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო ხელშეკრულების პრაქტიკაში დანერგვის ერთიანი ხედვა, - ამის შესახებ ნათქვამია სახალხო დამცველის 2018 წლის ანგარიშში. საუბარია, „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ გაეროს კონვენციის განხორციელების კოორდინაციაზე პასუხისმგებელი მექანიზმის არარსებობაზე, რომლის რატიფიცირება საქართველომ 5 წლის წინ მოახდინა.
„2018 წელს ეფექტიანი ნაბიჯები არ გადადგმულა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების რეალიზების თაობაზე სახალხო დამცველის ძირითადი რეკომენდაციების შესასრულებლად. ამ მიმართულებით პრობლემების სათავედ გვევლინება „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ გაეროს კონვენციის განხორციელების კოორდინაციაზე პასუხისმგებელი მექანიზმის არარსებობა. წლების განმავლობაში გაცემული რეკომენდაციების მიუხედავად, კონვენციის რატიფიცირებიდან 5 წლის თავზე, ხელისუფლებამ ვერ შეძლო კონკრეტული სახელმწიფო უწყების განსაზღვრა, რომელიც კოორდინაციას გაუწევდა სხვადასხვა სფეროსა და სექტორში კონვენციის განხორციელებასთან დაკავშირებულ საკითხებს. შესაბამისად, ქვეყანას არ გააჩნია შშმ პირთა უფლებების შესახებ ამ უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო ხელშეკრულების პრაქტიკაში დანერგვის ერთიანი ხედვა, სხვადასხვა უწყების მიერ ფრაგმენტულად განხორციელებული ღონისძიებები კი ვერ უზრუნველყოფს შშმ პირების უფლებების სხვების თანასწორად რეალიზებასა და ცხოვრების დონის გაუმჯობესებას“, - ნათქვამია ანგარიშში და აღნიშნულილა, რომ ასევე არ შესრულებულა რეკომენდაცია გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის ფაკულტატიური ოქმის რატიფიცირების შესახებ, რის გამოც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ამ დრომდე არ მიუწვდებათ ხელი გაეროს შშმ პირთა უფლებების დაცვის კომიტეტისთვის უფლებადარღვევის ფაქტებზე ინდივიდუალური მიმართვის მექანიზმზე.
სახალხო დამცველი ანგარიშში მიუთითებს რომ არსებითი ცვლილებები არ განხორციელებულა ეროვნული კანონმდებლობის შშმ პირთა უფლებების შესახებ გაეროს კონვენციის მოთხოვნებთან ჰარმონიზების მიზნითაც.
„საქართველოს პარლამენტში კვლავ არ არის დარეგისტრირებული კანონის პროექტი „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“, რომელიც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს კოორდინირებით მომზადდა“, - წერია ანგარიშში.
სახალხო დამცველის ყოველწლიური საპარლამენტო ანგარიში მოიცავს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის შესახებ ზოგად შეფასებებს, დასკვნებს და რეკომენდაციებს. რეკომენდაციების მიზანია გაუმჯობესდეს ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობა კონკრეტულ სფეროში და მიმართულია პრაქტიკასა თუ კანონმდებლობაში არსებული დარღვევებისა და ხარვეზების აღმოფხვრისაკენ. სახალხო დამცველის საანგარიშო პერიოდი ძირითადად მოიცავს 2018 წელს, მაგრამ მასში ასევე გაანალიზებულია ის პრობლემები, რომლებიც მანამდე არსებულ პერიოდში წარმოიშვა და საანგარიშო პერიოდშიც გაგრძელდა.