თურქეთში პირველად ბოლო 25 წლის განმავლობაში ოპოზიციური სახალხო-რესპუბლიკურმა პარტიამ ანკარის მერის არჩევნებში გაიმარჯვა. ოპოზიციის კანდიდატმა მანსურ იავაშმა ხმათა 99,8 პორცენტის დათვლის შედეგად ხმების 50,9 პროცენტი დააგროვა.
იავაშის ძირითადი მოწინააღმდგე მმართველი - "სამართლიანობისა და განვითარების" პარტიის თავმჯდომარის მოადგილე მეჰმედ ოზჰასეკი ხმების 47,06 პროცენტს აგროვებს.
ოპოზიციურმა პარტიამ გაიმარჯვა იზმირშიც. მისმა კანდიდატმა თუნჩ სოიერმა ხმების 58,02 პროცენტი მოიპოვა, მმართველი პარტიის კანდიდატმა, ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა ნიჰათ ზეიბექჩიმ ამომრჩეველთა ხმების 38,62 პროცენტი მიიღო.
ჯერჯერობით გაურკვეველია სტამბოლის მერის არჩევნების შედეგები. მმართველი პარტიის კანდიდატმა, ყოფილმა პრემიერმა ბინალი ილდირიმმა ხმების 48,7 პროცენტი მიიღო, მისმა მთავარმა მოწინააღმდეგემ, ოპოზიციური პარტიის კანდიდატი ექრემ იმამოღლუ ხმათა 48,65 პროცენტს აგროვებს. ამ დროისთვის დათვლილია ხმების 98,79 პროცენტი.
არჩევნებზე 57 მილიონი ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული.