მოლდოვის საპარლამენტო არჩევნებში ყველაზე მეტი ხმა პრორუსული ორიენტაციის, სოციალისტურმა პარტიამ მოიპოვა. შესაძლოა, სწორედ ამ არჩევნების შედეგებმა გადაწყვიტოს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნის ბედი, დაუახლოვდება იგი მოსკოვს თუ ევროკავშირს და დასავლურ ღირებულებებს.
მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, ამ დროისთვის დათვლილია ხმების 97 %, საიდანაც 31,4 % სოციალისტურმა პარტიამ მოიპოვა.
პროევროპულმა კოალიციამ ACUM ხმათა 26 % მოიპოვა, ხოლო მმართველმა დემოკრატიულმა პარტიამ 24 %.
სოციალისტურ პარტიას მუდმივად აკრიტიკებდნენ პრორუსული მისწრაფებებისთვის, ხოლო დემოკრატიული პარტია მომხრეა რუსეთსა და დასავლეთს შორის დაბალანსებული ურთიერთობებისა.
საარჩევნო ბარიერი გადალახა ასევე კონსერვატიულმა პარტიამ, რომელმაც ხმების 8,6 % მოიპოვა.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობა შეაფასეს, როგორც თავისუფალი და დემოკრატიული, ოპოზიციური პარტიები კი მასშტაბურ გაყალბებებზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ ეს არჩევნები ყველაზე მეტად არადემოკრატიული იყო ბოლო წლებში ჩატარებულ არჩევნებს შორის.