დონალდ ტრამპის თქმით, იაპონიის პრემიერ-მინისტრმა შინშო აბემ ის, ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების დროს გაწეული საქმიანობის გათვალისწინებით, ნობელის პრემიაზე წარადგინა მშვიდობის დარგში.
როგორც აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ნორვეგიაში, ნობელის კომიტეტში გაგზავნამდე, მას აჩვენა „უმშვენიერესი 5-გვერდიანი წარდგენის წერილი“.
ტრამპმა სინანულით განაცხადა, რომ ის ალბათ ვერ მიიღებს ნობელის პრემიას, თუმცა იაპონიის პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა წარდგენისთვის.
„მაგრამ არაუშავს, მათ ეს პრემია ობამასაც კი მისცეს, რომელმაც არც კი იცოდა რისთვის მიიღო ეს ჯილდო“, - დასძინა ტრამპმა.
აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ 2009 წელს მიიღო ნობელის პრემია მშვიდობის დარგში „საერთაშორისო დიპლომატიაში განსაკუთრებული ძალისხმევისა და ხალხთა შორის თანამშრომლობის გაძლიერებისთვის“. ბარაკ ობამა აშშ-ის მე-4 პრეზიდენტია, რომელმაც ეს ჯილდო მიიღო.