აშშ-ის კონგრესში, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის ერთობლივი ძალისხმევით დამტკიცდა აშშ-ის 2019 წლის ბიუჯეტი, რომელიც ითვალისწინებს მექსიკის საზღვრის გასწვრივ კედლის მშენებლობის 1,4 მლრდ დოლარით დაფინანსებას.
აღსანიშნავია, რომ ბიუჯეტის პროექტი, რომელიც საბოლოოდ დასამტკიცებლად პრეზიდენტს გადაეგზავნება ხელმოსაწერად, კედლის დასაფინანსებლად ტრამპის მიერ მოთხოვნილ პირვანდელ თანხას, 5,7 მლრდ დოლარს არ ითვალისწინებს.
რესპუბლიკელი სენატორის მაკკონელის ინფორმაციით, დონალდ ტრამპი ხელს მოაწერს ბიუჯეტის წარდგენილ პროექტს, რათა თავიდან აიცილოს კიდევ ერთი მთავრობის მუშაობის ნაწილობრივი შეჩერება, თუმცა ამის პარალელურად, საზღვართან საგანგებო მდგომარეობას გამოაცხადებს, რათა თავისი დანაპირები კედლის აშენებასთან დაკავშირებით აღასრულოს. მოგვიანებით, ეს ინფორმაცია დაადასტურა თეთრი სახლის პრესსპიკერმა სარა სანდერსმა.
დემოკრატები შეშფოთებულები არიან ტრამპის ამ განზრახვით და აცხადებენ, რომ ყველა კანონიერ გზას მიმართავენ, რათა ხელი შეუშალონ პრეზიდენტის მიერ დასახულ გეგმას. სენატში დემოკრატების ლიდერმა ჩაკ შუმერმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი უფლებამოსილებას ბოროტად იყენებს.