კიევში, წმინდა სოფიას ტაძარში უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურის, კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტის ეპიფანეს ინტრონიზაცია მიმდინარეობს.
ინტრონიზაციის ცერემონიალს ესწრებიან უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, საპატიო პატრიარქი ფილარეტი და მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია.
ცერენომიალს საქართველოდან "ევროპული საქართველოს" წევრები ესწრებიან.
ცერემონიალის დასრულების შემდეგ, დაგეგმილია უკრაინის მართლმადიდებლური ავტოკეფალური ეკლესიის წმინდა სინოდის პირველი სხდომის შეკრება. როგორც ვარაუდობენ, სინოდის სხდომაზე დაამტკიცებენ ეკლესიის ადმინისტრაციის სტრუქტურას და პასუხისმგებლობებს.
15 დეკემბერს, უკრაინის ეკლესიების გამაერთიანებელ კრებაზე, უკრაინის მართლმადიდებლური ავტოკეფალური ეკლესიის კრებაზე მიტროპოლიტი ეპიფანე არჩეულ იქნა ახლადშექმნილი ეკლესიის მწყემსმთავრად.
6 იანვარს კი უკრაინის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ მსოფლიო საპატრიარქოსგან მიიღო ავტოკეფალიის ტომოსი.