6 თებერვალს, ნატოში, წევრი ქვეყნების წარმომადგენლების მიერ ხელი მოეწერება ჩრდილოეთ მაკედონიის ალიანსში გაწევრების ოქმს. აღნიშნული ინფორმაცია ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გაავრცელა.
„6 თებერვალს, ჩვენ დავწერთ ისტორიას: ნატოს მოკავშირეები ხელს მოაწერენ ოქმს ჩრდილოეთ მაკედონიის ალიანსში გაწევრების თაობაზე, ჩვენთან ერთად იქნება ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრი ნიკოლა დიმიტროვი“, - წერს სტოლტენბერგი მიკრობლოგ „ტვიტერზე“.
ცოტა ხნის წინ დასრულდა მრავალწლიანი დავა ათენსა და სკოპიეს შორის და მოიხსნა ყველა ის ბარიერი, რომელიც უზღუდავდა მაკედონიას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში, ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციას.
ათენი წლების მანძილზე ხელს უშლიდა მაკედონიის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, სწორედ მაკედონიის სახელწოდების გამო. რადგან საბერძნეთის ერთ-ერთ რეგიონს მაკედონია ჰქვია, ათენი შიშობდა, რომ ერთხელაც შესაძლოა მაკედონიას ტერიტორიული პრეტენზიები წამოეყენებინა.
მაკედონიაში ჩატარდა ასევე რეფერენდუმი, სადაც მოსახლეობის უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ქვეყნისთვის ჩრდილოეთ მაკედონიის დარქმევას.