პარტია „ბატკივშინას“ ლიდერი, უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო უკრაინის პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს.
როგორც „რადიო თავისუფლების“ კორესპონდენტი აცხადებს, გადაწყვეტილება ტიმოშენკოს საპრეზიდენტო კანდიდატად წარდგენის შესახებ პარტია „ბატკივშინას“ დელეგატებმა ერთხმად მიიღეს.
იულია ტიმოშენკოს საპრეზიდენტო კანდიდატად წარდგენა პარტიის ყრილობაზე მოხდა, სადაც პრეზიდენტობის კანდიდატმა საკუთარი პროგრამა წარადგინა.
საპრეზიდენტო არჩევნები უკრაინაში 2019 წლის 31 მარტს გაიმართება. საპრეზიდენტო კამპანია 2018 წლის 31 დეკემბერს დაიწყო. 9 თებერვალს უკრაინის საარჩევნო ადმინისტრაცია დარეგისტრირებულ კანდიდატთა სიას ოფიციალურად გამოაქვეყნებს.
იულია ტიმოშენკო საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს მესამედ იყრის.