ალექსეი გერმან-უცროსის ფილმი „დავლატოვი“ ცნობილი რუსი მწერლის, სერგეი დავლატოვის ახალგაზრდობის პერიოდს გვაცნობს. უფრო ზუსტად, 1971 წლის ნოემბრის დღეებს, როცა საბჭოთა ლენინგრადი მონდომებით ემზადება რევოლუციური თარიღის - 7 ნოემბრის აღსანიშნავად, დავლატოვი კი რედაქციებში, ქუჩებსა და მეგობრებთან დაეხეტება. მას არც სამუშაო აქვს და არც თავისი ახალი ნაწარმობების დაბეჭდვის პერსპექტივა.
ტოტალური უიმედობა და პოლიტიკური სიშლეგე სიზმრისეულად არის გადმოცემული: გრძელი და უსასრულო ხედები, კადრში ვითომ შემთხვევით მოხვედრილი პერსონაჟები, ასევე შემთხვევითი ფრაზები, მრავალგანზომილებიანი საუნდი... და ეს ყველაფერი საზარელი საბჭოთა „კაგებეს“ ფონზე, რომელიც ყველას და ყველაფერს უთვალთვალებს, რედაქციის რიგითი თანამშრომლებით დაწყებული, დავლატოვითა და მიხაილ ბროდსკით დამთავრებული (ფილმში ბროდსკი სამ ეპიზოდში ჩნდება და ლამის სამივეჯერ თავისი ცნობილი ინტონაციით კითხულობს ლექსებს).
ვისაც ალექსეი გერმანის წინა ფილმები - „ქაღალდის ჯარისკაცი“ და „ელექტრონული ღრუბლები“ უნახავს, ადვილად მიხვდება, რომ არაფერი ახალი და საინტერესო ფესტივალზე წარმოდგენილ ფილმში არ არის... თეო ანგელოპულოსის გავლენისა და უდროოდ მომაბეზრებელი ანტისაბჭოურობის გარდა. ასე რომ, ზოგჯერ მწერლებსა და პოეტებზეც შეიძლება უნიჭოდ არაპოეტური კინოს გადაღება.
პირველად ბერლინალეს ისტორიაში ფესტივალი ანიმაციური ფილმით - „ძაღლების კუნძული" გაიხსნება. რეჟისორი უეს ანდერსონი უცხო კაცი ნამდვილად არ არის ბერლინში: უკვე სამჯერ მონაწილეობდა საკონკურსო პროგრამაში, ხოლო 2014 წელს სწორედ მისი ირონიული და უფრო მეტად ელეგანტური ფილმით, „ოტელი „გრანდ ბუდაპეშტი" გაიხნა ბერლინის კონოფესტივალი. ასე რომ, ამერიკელ რეჟისორს, სცენარისტსა და პროდიუსერს უკვე მეორედ ერგო ბერლინალეს გახსნის პატივი.
„ძაღლების კუნძული" ერთგვარი იგავია, რომელიც იაპონიის ერთ-ერთი ქალაქის ძაღლების სევდიან ამბავზე მოგვითხრობს - მათ შორეულ ნაგვის კუნძულზე აგზავნიან. თუმცა მათ დასახმარებლად ამავე კუნძულზე 12 წლის ბიჭუნა ჩამოფრინდება, რომელიც თან საკუთარ ძაღლს ეძებს. მოკლედ, ბერლინალე ჰუმანისტურ-ეკოლოგიური გზავნილით იწყება.
ბერლინალე რომ წელს კინემატოგრაფიული თვალსაზრისით არ გამოირჩევა, სულაც არ ნიშნავს, რომ ფესტივალმა სოციალურ-პოლიტიკური გზავნილები დაივიწყა. მაგალითად, საკონკურსო პროგრამაში ორი სრულიად განსხვავებული ფილმია, რომლებიც რეალურად მომხდარ ამბებს ეყრდნობა: 2011 წლის 22 ივლისს, ნორვეგიაში, კუნძულ უტოიაზე მომხდარი ტერაქტი, როდესაც ანდერს ბრეევიკმა დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში 78 ადამიანი მოკლა და მეორე, როდესაც 1976 წლის ივნისში, პალესტინელმა ტერორისტებმა თვითმფრინავი გაიტაცეს (რეისი თელ-ავივი-პარიზი).
დავიწყებული შავ-თეთრი კინოს მაგია ასევე შეგვახსენა ირანული წარმოშობის ფრანგმა რეჟისორმა, ემილი ატეფმა ფილმში „სამი დღე კიბერონში“, რომელიც მეოცე საუკუნის ფრანგი კინოვარსკვლავის, რომი შნაიდერის ცხოვრებისა და შემოქმედების კრიზისულ პერიოდზე მოგვითხრობს. დიდი შანსია მარი ბოიმერი, რომელიც რომი შნაიდერს განასახიერებს, ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის „ვერცხლის დათვით“ დააჯილდოვონ. გერმანელი მსახიობი არამხოლოდ ფიზიკურად ჰგავს ფრანგ კინოვარსკვლავს, არამედ მისი ჟეტები და ღიმილიც კარგად აუთვისებია და არც დრამატიზმი და ფსიქოლოგიზმი დაეწუნება... თუმცა წინასწარ ვერაფერს გათვლი, მით უმეტეს ბერლინალეზე, სადაც არაპროფესიონალი მსახიობებიც კი დაუჯილდოვებიათ „ვერცხლის დათვით“.
თეიმურაზ ჭუმბურიძე