უნდა ვაღიაროთ, რომ ამის [ქალთა მიმართ ძალადობის] მთავარი მიზეზი ჩვენ ქვეყანაში არსებული გენდერული უთანასწორობაა, - ამის შესახებ სახალხო დამცველის მოადგილე ეკა სხილაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.
მისი თქმით, ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ყველაზე ხშირად ქალია და ძალადობა ყველაზე ხშირად ქმრის, ან ყოფილი ქმრის, პარტნიორის, ან ყოფილი პარტნიორის მხრიდან ხორციელდება, რაც მისივე განცხადებით, იმაზე მიუთითებს, რომ პრობლემას გენდერული განზომილება აქვს.
„სხვა დანარჩენი, ალკოჰოლზე დამოკიდებულება თუ სხვა, შესაძლოა, იყოს ფაქტორი, რომელმაც შეიძლება, ძალადობა გააძლიეროს, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ ამის მთავარი მიზეზი ჩვენ ქვეყანაში არსებული გენდერული უთანასწორობაა. ამის მთავარი მიზეზი არის ის, რომ ქალს მესაკუთრული განცდით უყურებენ. ფიქრობენ, რომ მასზე უფლებების მქონე პირები არიან და დისკრიმინაციული მოტივით ძალადობენ“, – განაცხადა ეკა სხილაძემ.
მისივე განცხადებით, გამოსავალი ისაა, რომ ძალადობის ყველა შემთხვევაზე ეფექტიანი რეაგირება მოხდეს და ამან საზოგადოებაში არსებული წინასწარი განწყობები, მათ შორის დაუსჯელობაზე მოძალადის განცდები, შეამციროს.
„გრძელვადიან პერსპექტივაში კი ნამდვილად გვჭირდება, ეს საკითხები საქართველოს განათლების სისტემის ნაწილი გახდეს და თანასწორობის პრინციპები სკოლაში მაინც ისწავლებოდეს, თუ ზრდასრულთაგანათლებაზე არაფერს ვიტყვით“, – აღნიშნა ეკა სხილაძემ.