ქართული თეატრის დღეს 1850 წლის 14 იანვარს ჩაეყარა საფუძველი, როდესაც თბილისში პირველი სპექტაკლი გიორგი ერისთავის „გაყრა“ დაიდგა. ეს იყო პირველი და იმ დროისთვის ერთადერთი პროფესიული თეატრი საქართველოში.
ქართული თეატრის ისტორია შორეულ წარსულში იღებს სათავეს. ნაყოფიერების ღვთაებისადმი მიძღვნილი უძველესი რიტუალური დღესასწაულები თეატრალური ხელოვნების ელემენტებს შეიცავდა. თრიალეთში აღმოჩენილ ვერცხლის თასზე (ძვ.წ. II ათასწლეულის შუა ხანა) გამოსახულია მისტერია - ნიღბოსანთა ფერხული; სახიობებსა და მისტერიებში, საგუნდო სიმღერებში შემორჩენილია ნაწყვეტები საფერხულო დრამებიდან ("ამირანი", "აბესალომ და ეთერი", "ავთანდილი" და "თავფარავნელი ჭაბუკი"). კოლხეთის სამეფოში კი ძვ.წ. VIII საუკუნეში კუტაიას (ახლანდელი ქუთაისი) მახლობლად არსებობდა არენა, სადაც იმართებოდა თეატრალიზებული სანახაობები.
ბიზანტიელი ისტორიკოსის, პროკოფი კესარიელის ცნობით, კოლხურ ქალაქ აფსარუნტში იყო თეატრის შენობა და იპოდრომი, ხოლო კლდეში ნაკვეთ ქალაქ უფლისციხეში (ძვ.წ. III-II სს.) შემორჩენილი სათეატრო ნაგებობა თავისი სცენით, ორქესტრათითა და მაყურებლისთვის განკუთვნილი ნაწილით ცხადყოფს, რომ ძველ საქართველოში კარგად იცნობდნენ ანტიკურ თეატრალურ-სანახაობით კულტურას.
შუა საუკუნეების ქართული ისტორიული და მხატვრული ლიტერატურის ძეგლებში აღმოჩენილია ძველი ქართული დრამატული პოეზიის ფრაგმენტები და ელინისტური პერიოდის პანტომიმურ წარმოდგენათა ვრცელი აღწერა, ასევე მრავალი ქართული ძირეული თეატრალური ტერმინი.
საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემდეგ (IV ს. 30-იანი წლები), შეიქმნა საეკლესიო თეატრი და დრამა. პარალელურად ვითარდებოდა ხალხური თეატრალური სანახაობა - "ბერიკაობა", მოგვიანებით - "ყეენობა".
შუა საუკუნეებში განვითარდა სასახლის კარის თეატრი - სახიობა - ნიღბოსანთა წარმოდგენები მუსიკის თანხლებით. თეიმურაზ I-მა და არჩილ II-მ სახიობისთვის შექმნეს დიალოგები და პოლემიკური დრამატურგიის ნიმუშები, ე.წ. "გაბაასებანი".
XVIII საუკუნის 90-იან წლებში ერეკლე II-ის სასახლესთან, გიორგი ავალიშვილის ხელმძღვანელობით, შეიქმნა საერო თეატრი, სადაც ორიგინალურთან ერთად რუსულიდან ნათარგმნი და გადმოკეთებული პიესებიც იდგმებოდა. ამავე პერიოდში მუშაობას განაგრძობდა სასახლის კარის თეატრი - სახიობა, რომელსაც სათავეში დავით მაჩაბელი ედგა. მაჩაბლის დასის მრავალი მსახიობი გმირულად დაეცა 1795 წელს, აღა-მაჰმად-ხანის წინააღმდეგ ბრძოლაში.
XIX საუკუნის დასაწყისში შეიქმნა სცენისმოყვარეთა წრეები. 1845 წელს, თბილისში დაარსდა რუსული დრამატული თეატრი, ხოლო 1850 წელს, მოწინავე ქართველ საზოგადო მოღვაწეთა თაოსნობით და გიორგი ერისთავის ხელმძღვანელობით, აღორძინდა ქართული პროფესიული თეატრი (1850-1856).
გიორგი ერისთავმა თეატრსა და დრამატურგიაში განავითარა რეალისტური მიმდინარეობა. 1851 წელს, თბილისის ქარვასლის თეატრში, გაიმართა პირველი საოპერო წარმოდგენა, ხოლო 1880-86 წლებში გოლოვინის პროსპექტზე (ახლანდელი რუსთაველის გამზ.) აიგო სახაზინო თეატრი, რომელშიც 1896 წლიდან "თბილისის სახაზინო ოპერის თეატრი", დღეს კი ზ.ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი ფუნქციონირებს.
თბილისში ქართული პროფესიული თეატრის საქმიანობა ი.ჭავჭავავაძისა და ა.წერეთლის თაოსნობით 1879 წელს განახლდა (ე.წ. მუდმივმოქმედი ქართული დასი). ამ პერიოდში ქართულ თეატრსა და დრამატურგიაში განვითარდა გმირულ-რომანტიკული და რეალისტურ-კომედიური მიმართულებები. პარალელურად ქართული თეატრის რეპერტუარში დამკვიდრდა უცხოური კლასიკური დრამატურგიის ნიმუშები.
XIX საუკუნის ბოლოს ქართულ სცენაზე მოღვაწეობდა რეალისტური სამსახიობო სკოლის წარმომადგენელთა თვალსაჩინო პლეადა. XX სუკუნის დასაწყისში კი ასპარეზზე გამოვიდნენ პროფესიონალი რეჟისორები. 1921 წლის 25 ნოემბერს თბილისის ქართულ თეატრს შოთა რუსთაველის სახელი მიენიჭა.
ქართული თეატრის აღმავლობა, ახალი სათეატრო ფორმებისა და პროფესიული რეჟისურის პრინციპების დამკვიდრება დაკავშირებულია ორი დიდი რეჟისორის - კოტე მარჯანიშვილისა და სანდრო ახმეტელის სახელებთან. მათ ქართულ თეატრში განსაკუთრებული ეპოქა შექმნეს, რომელიც სასცენო ხელოვნების განვითარების მიმართულებებსა და ტენდენციებს დღესაც განაპირობებს.
რუსთაველის თეატრში რეფორმატორული ძიებების შემდეგ, კოტე მარჯანიშვილმა საფუძველი ჩაუყარა ახალ თეატრს, რომელიც დღეს მის სახელს ატარებს. სანდრო ახმეტელის სცენური შედევრები კი მსოფლიო თეატრალური ელიტის ყურადღების ცენტრში მოექცა და ქართულ თეატრს პირველი საერთაშორისო აღიარება მოუტანა. თეატრალური რეფორმის შედეგად საფუძველი ჩაეყარა ქართული თეატრალური მხატვრობის განვითარებას (ი.გამრეკელი, პ.ოცხელი, ე.ახვლედიანი, ლ.გუდიაშვილი, დ.კაკაბაძე, ს.ვირსალაძე).
გასული საუკუნის დასაწყისში საქართველოს სხვადასხვა ქალაქში დაარსდა პროფესიული თეატრები, რომლებიც დღესაც განაგრძობენ ფუნქციონირებას. XX საუკუნეში მსახიობთა სახელგანთქმულ თაობებთან ერთად ქართული თეატრის ისტორიას ქმნიდნენ რეჟისორები: დ.ალექსიძე, ვ.ტაბლიაშვილი, ა.ჩხარტიშვილი, ვ.ყუშიტაშვილი, გ.ლორთქიფანიძე, ლ.იოსელიანი, შ.გაწერელია, რ.გაბრიაძე, მ.კუჭუხიძე, გ.ჟორდანია, ა.შალიკაშვილი, ლ.მირცხულავა, გ.ქავთარაძე.
XX საუკუნის 60-70-იანი წლებიდან ნოვატორული ძიებებისა და სხვადასხვა თეატრალურ-ესთეტიკური მიმართულების დამკვიდრება თანამედროვეობის გამოჩენილ რეჟისორებს - მიხეილ თუმანიშვილს, რობერტ სტურუასა და თემურ ჩხეიძეს უკავშირდება. რ.სტურუა და თ.ჩხეიძე დღესაც განაპირობებენ ქართული სასცენო ხელოვნების მაღალ შემოქმედებით ხარისხს და საერთაშორისო ავტორიტეტს. შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრმა რ.სტურუას ხელმძღვანელობით ჯერ კიდევ საბჭოთა რეჟიმის პირობებში მსოფლიოს ხუთივე კონტინენტზე ტრიუმფალური საგასტროლო ტურნეები გამართა. XX საუკუნის მიწურულს, საქართველოში სახელმწიფო თეატრების გვერდით, გაჩნდა კერძო პროფესიული თეატრები, კამერული სცენები და ექსპერიმენტული სივრცეები, რომლებმაც ქართულ სათეატრო პროცესში ხანმოკლე პერიოდში დაიმკვიდრეს ადგილი.
დღესდღეობით საქართველოში ფუნქციონირებს დრამატული, მუსიკალური, პანტომიმური, თოჯინური და მარიონეტული თეატრები; სცენის აღირებულ ოსტატებთან ერთად მოღვაწეობს მსახიობების, რეჟისორების, დრამატურგებისა და სცენოგრაფების ახალგაზრდა თაობა. ქართული თეატრების გვერდით წარმატებით მუშაობენ რუსულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვანი კოლექტივები. კიდევ უფრო გააქტიურდა საერთაშორისო კონტაქტები. სხვადასხვა თეატრალური კოლექტივი წარმატებით მონაწილეობს საერთაშორისო პროექტებში, ფესტივალებსა და ფორუმებში; საქართველოს პერიოდულად სტუმრობენ უცხოური სადადგმო ჯგუფები, გასტროლიორი თეატრები და შემსრულებლები; ქართველი რეჟისორები და სცენოგრაფები ინტენსიურად თანამშრომლობენ მსოფლიოს სახელგანთქმულ თეატრებთან.