უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს იმპიჩმენტის მოთხოვნით, კიევში საპროტესტო აქცია-მარში მიმდინარეობს. აქციის ორგანიზატორი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილია.
აქციის მონაწილეები პოროშენკოს საპრეზიდენტო ადმინისტრაციისკენ მიემართებიან.
უკრაინული მედიის ცნობით, მარშში 3000-მდე ადამიანი მონაწილეობს. მათ ხელში უჭირავთ პოროშენკოს გადადგომის მოთხოვნით ბანერები, ასევე უკრაინული და ქართული დროშები. მედია წერს, რომ მათ უსაფრთხო გადაადგილებას პოლიციელები უზრუნველყოფენ.
სააკაშვილმა ჯერ კიდევ ნოემბრის დასაწყისში განაცხადა, რომ მთელ უკრაინას მოივლის და საზოგადოებას "სახალხო იმპიჩმენტისკენ" მოუწოდებს.
"3 დეკემბერი - "სახალხო იმპიჩმენტის" დასაწყისია. 3 დეკემბრამდე ჩვენ გავაკეთებთ იმას, რისი გაკეთებაც დავიწყეთ. ჩვენ შევქმენი საინფორმაციო ცენტრი ყველა ქალაქში, ყველა რეგიონულ ცენტრში. ჩვენ ძალიან ბევრი მომხრე გვყავს, ჩვენ გვაქვს ენერგია, ჩვენ გვემატებიან ახალი ადამიანები," - განაცხადა მან.
გასულ დღეებში სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ 3 დეკემბერს მას დააკავებენ.