ზიმბაბვეს ყოფილი ლიდერი ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას სავარაუდოდ არ დაესწრება. ამის შესახებ რობერტ მუგაბეს პრეს-მდივანმა ჯორჯ ჩარამბუმ განაცხადა. მისივე თქმით, მძიმე კვირის შემდეგ ექსპრეზიდენტს დასვენება სჭირდება. მუგაბეს პრეს-მდივანმა დაადასტურა, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა ინაუგურაციაზე მიწვევა მიიღო. მუგაბეს 37-წლიანი მმართველობა ზიმბაბვეში სახელმწიფო გადატრიალებით დასრულდა. პრეზიდენტის პოსტი ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ემერსონ მნანგაგვამ დაიკავა, რომელიც საზეიმო ფიცს დღეს დადებს.