უკრაინელმა დეპუტატმა, „რადიკალური პარტიის“ წევრმა იგორ მოსიჩუკმა ოდესის ყოფილ გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილზე ყავარჯნით თავდასხმა სცადა. ინციდენტი უკრაინულ ტელეარხ „ნიუს უანის „ სტუდიაში, გადაცემა „უკრაინული ფორმატის“ ჩაწერის დროს მოხდა. იგორ მოსიჩუკმა ჰკითხა სააკაშვილს, უჭერს თუ არა მხარს უკრაინელი ნაციონალისტების ლიდერს, სტეპან ბანდერას, რაზეც სააკაშვილმა უპასუხა, რომ „უკრაინას უჭერს მხარს.
„ბანდერა რომ ცოცხალი ყოფილიყო, პირველ რიგში ის კორუფციონერებს გაანადგურებდა“, - განაცხადა სააკაშვილმა.
ამის შემდეგ მოსიჩუკმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი კორუფციაში დაადანაშაულა და მისკენ ყავარჯნით გაიწია. „თქვენ კორუმპირებული ხართ. საქართველოშიც კორუფციით იყავით დაკავებული და ამის გამო გდევნიან“, - განაცხადა „რადიკალური პარტიის“ წევრმა. სააკაშვილთან მისვლაში ხელი მას გადაცემის წამყვანმა შეუშალა.