თბილისში, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში ბოტიჩელის „ვენერას“ და კარავაჯოს რეპროდუქციების გამოფენა გაიხსნა.
გამოფენაზე, სადაც კარავაჯოს ნამუშევრების ციფრული რეტროსპექტივა და ბოტიჩელის ორიგინალი „ვენერაა" წარმოდგენილი, გახსნის დღესვე ხალხმრავლობა იყო. მიუხედავად იმისა, რომ კარავაჯოს სექტორში უამრავმა მნახველმა მოიყარა თავი, განსაკუთრებული ყურადღება მაინც „ვენერასკენ“ იყო მიმართული, რომელიც 1930 წლიდან ტურინის „გალერეა საბაუდას“ კოლექციის ნაწილია.
„ჯი-ეიჩ-ენი“ დაინტერესდა, როგორ მოხვდა საქართველოში „ვენერა“ და ვისი იდეა იყო მისი გამოფენა თბილისში. ამის გასარკვევად საქართველოს ეროვნული მუზეუმის, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეის მმართველს, ეკა კიკნაძეს ვესაუბრეთ, რომელმაც გვითხრა, რომ „ვენერას“ ჩამოტანაში მთავარი წვლილი იტალიის ელჩს, ანტონიო ენრიკოს მიუძღვის.
მან საქართველოს ეროვნული მუზეუმის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსგავსი რანგის პროექტებისთვის ეროვნული გალერეა ძალიან კარგი პარტნიორია.
„პირველ რიგში ეს არის იტალიის საელჩოს და ელჩის დამსახურება, მას ძალიან სურდა ამ პროექტის განხორციელება, სურდა დიდი იტალიელი მხატვრის ორიგინალი ჩამოეტანა თბილისში, ამავე დროს ეს არის ფაქტორი, რომ ეროვნული მუზეუმი არის ძალიან კარგი პარტნიორი საერთაშორისო ამ რანგის პროექტებისთვის და თბილისში არსებობს ეროვნული გალერეის სახით, ჯანაშიას მუზეუმის სახით სივრცე, რომელიც გათანაბრებულია საერთაშორისო სამუზეუმო სტანდარტთან და შესაბამისად, შეუძლია მიიღოს ბოტიჩელიც და ყველა სხვა სამუზეუმო ექსპონატიც და შეუქმნას მას შესაბამისი პირობები უსაფრთხოების თვალსაზირით. ეს არის ერთობლივი ნამუშევარი და შემდეგი ორი თვის მანძილზე ეროვნული გალერეა რეალურად, ზეიმს სთავაზობს მხატვრობის მოყვარულებს“, - განაცხადა ეკა კიკნაძემ.
აქვე, მან უსაფრთხოებაზეც გაამახვილა ყურადღება და დასძინა, რომ ეროვნული გალერეაში უსაფრთხოების ნორმები საერთაშორისო სტანდარტებთან სრულ თანხვედრაში მოდის.
„უსაფრთხოების სტანდარტი არის უსაფრთხოების სტანდარტი, რომელიც ეროვნულ გალერეაში დაცულია და ის ვრცელდება ყველაფერზე, რაც არის ჩვენთან გამოფენილი. ჩვენ დიდი ხანია გამოფენილი გვაქვს ფიროსმანაშვილის, კაკაბაძის, გუდიაშვილის, ნიკოლაძისა და სხვა დროებით გამოფენების ფარგლებში წარმოდგენილი ნამუშევრები. ბუნებრივია, ყველგან მუშაობს შესაბამისი რეგულაციები, გამომდინარე რაოდენობიდან და ა.შ. მაგრამ უსაფრთხოება არის უსაფრთხოება, სტანდარტი არის სტანდარტი“, - აღნიშნა კიკნაძემ, რომელმაც გაგვიმხილა, რომ იტალიის ელჩს, ეროვნულ გალერეასთან თანამშრომლობით, სურს კვლავ გაანებივრობს მხატვრობის მოყვარულები და მომავალშიც შესთავაზოს მსგავსი სიურპრიზები, თუმცა, ჯერჯერობით, ვერ აკონკრეტებს, მომავალში, რისი ხილვა შეეძლებათ ეროვნული გალერეის სტუმრებს.
სანდრო ბოტიჩელის ნამუშევრის ორიგინალი ორი თვის განმავლობაში, 5-დან 29 ნოემბრის ჩათვლით, ასევე იტალიელი მხატვრის, კარავაჯოს ნამუშევრებთან ერთად, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში იქნება წარმოდგენილი.
გამოფენა პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში ტარდება. ხარჯის დიდი ნაწილი იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაიღო, ქართულ მხარეს კი გამოფენის მოწყობა 70 000 ევრო დაუჯდა.
ცნობისთვის, სანდრო ბოტიჩელის კიდევ ორი „ვენერაა“ შემორჩენილი, მათგან ერთი ბერლინის სამხატვრო გალერეაშია დაცული, ხოლო მეორე ჟენევაში, კერძო კოლექციაში ინახება.
„ჯი-ეიჩ-ენი“, ირაკლი კუნჭულია, ფოტო: ვატო გრიფინი