აშშ-ში, საერთაშორისო კვლევების ცენტრში საქართველოს შესახებ იმსჯელეს. შეხვედრაზე საქართველოსთან მიმართებაში აშშ-სა და ევროკავშირის წარმომადგენლების მხრიდან ურთიერთბრალდებები გაისმა.
ამერიკელი ექსპერტები აცხადებენ, რომ საქართველოს პრობლემის გადაწყვეტა არის ევროკავშირის საზრუნავი. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომელიც რუსეთს არასოდეს შეუსრულებია სწორედ ევროკავშირის შუამდგომლობით გაფორმდა.
საქართველოს საკითხს დიდი დრო დაუთმო თავის გამოსვლაში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ფილიპ გორდონმა. გორდონის განცხადებით, აშშ არ ცნობს რუსეთის გავლენის სფეროებს ევროპაში. გორდონის თქმით, ევროპულ დემოკრატიებს უნდა ჰქონდეთ უფლება, შეუერთდნენ უსაფრთხოების ალიანსებს და ამერიკასა და რუსეთს შორის კვლავ რჩება უთანხმოება ნატოს გაფართოებისა და საქართველოს საკითხზე.
"ცენტრალურ ევროპას ისევ აწუხებს უსაფრთხოების რისკები. ვფიქრობ, მიზეზები გასაგებია. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები ბევრჯერ გახდნენ გაზის შეწყვეტის, ინტერნეტ-თავდასხმების, პოლიტიკური ზეწოლის სამიზნე. საქართველოს შემთხვევაში არაპროპორციული ძალის გამოყენება დიდი მეზობლის მხრიდან სახეზეა. ამერიკა იზიარებს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უსაფრთხოების რისკებს. ჩვენ საერთო ინტერესები გვაქვს, რადგანაც ეს ნიშნავს უსაფრთხოებას მთლიანად ევროპაში", _ განაცხადა ფილიპ გორდონმა
საქართველოს შესახებ ისაუბრა ასევე სტრატეგიული კვლევების ცენტრის პოლიტოლოგმა, ბზიგნევ ბზეჟინსკიმ. ბზიგნევ ბზეჟინსკის განცხადებით, რუსეთში პოლიტიკური ელიტის დიდი ნაწილი რეალობას მოწყვეტილია
"რუსეთის წვრთნები ნატოს საზღვრებთან პროვოკაციული და არაგონივრულია და გამოხატავს რუსეთის იმპერიულ ნოსტალგიას. ეს მარწმუნებს, რომ რუსეთის სამთავრობო ელიტის დიდი ნაწილი რეალობას არის მოწყვფეტილი. ამის მაგალითად გამოდგება რუსული პრესის მიერ ატეხილი ზეიმი, თითქოს მეორე მსოფლიო ომი მოიგეს, არადა საქართველოზე გამარჯვებას ზეიმობდნენ, რომლის ჯარიც 60 ათასიანმა რუსულმა არმიამ დაამარცხა რაოდენობის ხარჯზე, სინამდვილეში ეს იყო არაკომპეტენტური, არაორგანიზებული, ძვირადღირებული გამარჯვება და ადასტურებს, რომ რუსეთი თავის საგარეო პოლიტიკას სამხედრო ძალაზე აგებს", _ განაცხადა ბზიგნევ ბზეჟინსკიმ.
საერთაშორისო კვლევების ცენტრში ძირითადი განსახილველი საკითხი ცენტრალური ევროპისა და აშშ-ს ურთიერთობა იყო, თუმცა ყველა გამომსვლელი ევროპის უსაფრთხოების საკითხებზე საუბრისას საქართველოს შესახებ საუბრობდა.