პროტესტი არის რეჟიმის შეცვლის ერთადერთი გზა - ამის შესახებ პარტია "ფედერალისტების" ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, გარანტირებული ფინიშისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პროტესტი და მისი სწორი გზით სიარული.
"მეგობრებო, ჩვენ მიგვაჩნია რომ პროტესტი არის რეჟიმის შეცვლის ერთადერთი გზა. (ცალკე სამსჯელოა რა უნდა მოხდეს, იმისთვის, რომ პროტესტი რეჟიმის ცვლილებით დასრულდეს, მაგრამ ეს მსჯელობა არ ცვლის იმას, რომ ერთადერთი გზა პროტესტია).
ზუსტად ამიტომ ვდგავართ ფედერალისტები უწყვეტად აქციაზე და ვმუშაობთ საზოგადოებასთან პროცესისადმი ნდობის აღდგენაზე.
ჩვენ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გვგონია პროტესტი და მისი სწორი გზით სიარული, რომ გარანტირებულ ფინიშამდე მივიდეს და მორიგი იმედგაცრუების და ამომრჩეველთან გაუცხოების წყაროდ არ იქცეს.
ზუსტად ამიტომ, ძალიან ფრთხილად ვექცევით ამომრჩევლის მოლოდინებს და მაქსიმალურად ვცდილობთ ამომრჩეველი იმედგაცრუებისგან დავიცვათ.
ჩვენ მივესალმებით ნებისმიერ აქციას, რომელიც რეჟიმის წინააღმდეგ, ევროპული მომავლის დასაცავად კეთდება.
ჩვენ არ მივესალმებით ამომრჩევლის მოლოდინებთან უდიერ მოპყრობას და რეჟიმის დასრულების დედლაინების დაწესებას მხოლოდ და მხოლოდ სტიქიის იმედად, იმიტომ რომ რაც არ უნდა მოხდეს 4 ოქტომბერს, ჩვენ ჯიუტი ბრძოლის გაგრძელების ალტერნატივა არ გვაქვს.
ამიტომ პარალელები 13 სექტემბრის აქციასთან სრულიად უადგილოა - 13 სექტემბერს არაფერი სრულდება, სრულდება მაშინ, როცა გავიმარჯვებთ.
ჩვენთვის, დედლაინი გამარჯვებაა და არა 13 სექტემბერი, 27 სექტემბერი, ან 4 ოქტომბერი.
ასეთი განწყობით გაცილებით სწრაფად გავიმარჯვებთ - ესაა სწორი", - წერს ჩერგოლეიშვილი.