ფრანგულენოვან მკითხველსა და საფრანგეთში მცხოვრებ ქართველებს დღეიდან საშუალება ეძლევათ, ფრანგულ ენაზე გაეცნონ ცნობილი ქართველი მწერლის, სცენარისტისა და დრამატურგის, ერლომ ახვლედიანის ბოლო რომანს - “კოღო ქალაქში“(Un Moustique dans la ville).
7 და 8 სექტემბრიდან, პარიზისა და საფრანგეთის სხვა დიდი ქალაქების წიგნის მაღაზიებსა და გალერეებში მკითხველს შუძლია იხილოს ერლომ ახვლედიანის ფრანგულ ენაზე თარგმნილი "კოღო ქალაქში".
ერლომ ახვლედიანის რომანი ფრანგულმა გამომცემლობამ "ლე სერპან ა პლიუმ” ( Le Serpent à Plumes) გამოსცა. თარგმანი ეკუთვნით იზაბელ რიბადო დიუმას და რუსუდან თურნავას. საქართველოში ერლომ ახვლედიანის ეს რომანი პირველად, 2010 წელს, გამომცემლობა „სიესტას“ მიერ იქნა გამოცემული.
წიგნის ოფიციალურ პრეზენტაციას ფრანგული გამომცემლობა 19 და 26 სექტემბერს გეგმავს, „ბერჟერაკის“ და „კუაფარის“ წიგნის გალერეებში, პარიზსა და ნანტში.
ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მიერ უცხოელი გამომცემლებისთვის გამოცხადებული მთარგმნელობითი პროგრამის - „ქართული ლიტერატურა თარგმანებში“ - ფარგლებში ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით, 29 საერთაშორისო პროექტი დაფინანსდა, მათ შორის ერლომ ახვლედიანის რომანი “კოღო ქალაქში“ (გამომცემლობა „სიესტა“).
ერლომ ახვლედიანის რომანი „კოღო ქალაქში“ - ეს არის წიგნი სიცოცხლეზე, სიკვდილზე და დროზე; წიგნი მომხიბლავად ქაოტური თხრობით სინამდვილის არსებობის შესახებ, რომელსაც აღქმითა და მოქმედებით, განსჯითა და ქმედებით, დანახვითა და შემეცნებით ვეხებით დროის ყველაზე პასიურ მონაკვეთებშიც კი.