ავტორიტეტული საერთასორისო ორგანიზაციის "ფრიდომ ჰაუსის" ახალი ანგარიშის მიხედვით, საქართველოში არ არსებობს არც ავტორიტარული და არც ნახევრად ავტორიტარული მთავრობა. იგივე შეფასებაა გაკეთებული ანგარიშში უკრაინის მიმართაც.
„ფრიდომ ჰაუსის" ახალი ანგარიში, სახელწოდებით „გარდამავალ ეტაპზე მყოფი ქვეყნები", ასახავს მოვლენებს, რომლებსაც ადგილი ჰქონდა 2009 წელს.
ანგარიშში აღნიშნულია რომ საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობის, პლურალისტური და დემოკრატიული მედიის განვითარების თვალსაზრისით, მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია უკრაინამ. ანგარიშის თანახმად, უკრაინა და საქართველოა ორი პოსტსაბჭოთა ქვეყანა, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, სადაც არც ავტორიტარული რეჟიმი არსებობს და არც ნახევრად ავტორიტარული.
ანგარიშის თანახმად, ყოფილ საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე მოსახლეობის დაახლოებით 80 პროცენტს - 220 მილიონ ადამიანს - ცხოვრება ავტორიტარული მთავრობის პირობებში უწევს.
ანგარიშის თანახმად, ამ სივრცეზე შეიმჩნევა გაუარესება ყველა პარამეტრის მიხედვით: დემოკრატიის უკუსვლა, ადგილობრივი და ცენტრალური მართვის, სამოქალაქო საზოგადოების, მედიის, საარჩევნო პროცესის რეგრესი, ხელმისაწვდომი და სამართლიანი სასამართლოს არარსებობა და ძლიერი კორუფცია.
"ფრიდომ ჰაუსი" ყურადღებას ამახვილებს რუსეთში არსებულ ვითარებაზე და აღნიშნავს, რომ "პუტინ-მედვედევის" ეპოქაში განსაკუთრებით თვალშისაცემია ქვეყანაში დემოკრატიის უკუსვლა.
"პუტინ-მედვედევის ეპოქა" ეს არის პერიოდი, როცა ზიანი მიადგა დემოკრატიულ ინსტიტუტებს, რომლებიც ანგარიშგებასა და გამჭვირვალობას უზრუნველყოფენ. ამის მოწმენი ვიყავით როგორც ეკონომიკის აღმასვლის, ისე მისი დაღმასვლის წლებში. ჩვეული ქარგა, ჩვეული მოდელი იყო ამ უაღრესად მნიშვნელოვან ინსტიტუტებზე ზეწოლის მოხდენა და მათი დასუსტება", მიიჩნევს ორგანიზაციის ექსპერტი ქრისტოფერ უოკერი.
ანგარიშის მიხედვით, რუსეთის ამ ქმედებას გავლენა აქვს მეზობელ ქვეყნებზე და მათი ლიდერების ავტორიტარულ მისწრაფებებს აძლევს სტიმულს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ დემოკრატიული განვითარება შეფერხებულია ყაზახეთში, ვითარება გაუარესდა აზერბაიჯანში, სადაც გასულ წელს მოქმედ პრეზიდენტს უფლება მიენიჭა შეუზღუდავად იყაროს კენჭი ამ პოსტზე. ყირგიზეთში კი მედიის შეზღუდვამ 2005 წლის ტიტების რევოლუციის შემდეგ კატასტროფული ხასიათი მიიღო.