თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე #7-ში, ილია ჭავჭავაძის მემორიალურ სახლ-მუზეუმში, სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
მე-19 საუკუნის ისტორიული ნაგებობის რესტავრაცია 40 წელია არ მომხდარა. შენობის თავდაპირველი სახე საბჭოთა ეპოქის დროს ჩატარებულ რემონტს ემსხვერპლა.
როგორც სპეციალისტები აცხადებენ, კედლის გახსნისას ილიასეული კედლის ფენა შემორჩნილი დახვდათ.
"როცა კედელი გავხსენით, ვნახეთ, რომ სრულად შემორჩენილია ილიასეული კედლის ფენა, თუმცა დაზიანებები აქვს. ახლა მის გასუფთავებასა და ნაკლული ადგილების შევსებაზე ვმუშაობთ. კედელს ტონირებას გავუკეთებთ, აღვადგენთ და პირვანდელ სახეს მიიღებს", - განაცხადა რესტავრატორმა დავით გაგოშიძემ.
რესტავრაცია სპეციალისტებმა ილია ჭავჭავაძისა და მისი მეუღლის საძინებელი ოთახიდან დაიწყეს. მწვანე შეფერილობის კედლის ორნამენტიანი ფენაც ილიას დროის უნდა იყოს. სახლში ამ ეპოქის კიდევ რამდენიმე ოთახი და შუშაბანადია. მათი აღდგენა და პირვანდელი სახის დაბრუნება ეტაპობრივადაა ჩაფიქრებული.
სახლი, რომელიც მწერლის დის ელისაბედის საკუთრება ყოფილა, კომუნისტებმა კომუნალურ საცხოვრებლად გადააკეთეს და 40-მდე ოჯახი შეასახლეს და რამდენჯერმე გაუკეთეს მინაშენი. ცნობილია, რომ სახლში, მწერლის საცხოვრებლის გარდა „ივერიის“ რედაქცია და სტამბა ფუნქციონირებდა.
სარესტავრაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, ორ ეტაპად, ქალაქ თბილისის მერია და თბილისის განვითარების ფონდი აფინანსებს. ახალი სამუზეუმო სივრცის გახსნას 2018 წელს იგეგმება.