აღმასრულებელ ხელისუფლებაში მორიგი საკადრო ცვლილებები მოხდა. შესაბამისად, ცვლილებების მოლოდინშია ყველა სამსახურის ყველა რგოლი _ მინისტრის მოადგილეები, სამმართველოებისა და დეპარტამენტების უფროსები, სპეციალისტებიც კი, რადგან საბიუჯეტო ორგანიზაციებში ერთ საკადრო ცვლილებასაც კი ყველაფერის თავდაყირა დაყენება შეუძლია _ ზოგი სამსახურს კარგავს, ახალს ვერაფერს შოულობს და აღებულ კრედიტს ვეღარ ფარავს, ზოგი დაწყებულ პროექტს ვეღარ ასრულებს, ზოგი ხელისუფლების მეხოტბედ რჩება, ზოგი ოპოზიციაში გადადის, ზოგი სასწავლებლად მიდის. ასეთი ცვლილებები ისედაც არსტაბილურ ქვეყანაში იმდენად დიდი რყვებს იწვევს, რომ ადამიანები არსებობის შენარჩუნების გარდა აღარაფრისთვის ირჯებიან და პროფესიული სტანდარტების დაცვა მათთვის მეასეხარისხოვანი ხდება.
მმართველობის ასეთ სტილს მხოლოდ ერთადერთი შედეგის მიღწევა შეუძლია _ გაამყაროს კარგად ორგანიზებული და არაპროფესიონალიზმზე დაფუძნებული კლანური მმართველობა, რომელსაც ანალოგია მხოლოდ პირველყოფილ თემურ წყობილებაში მოეძებნება, სადაც გვარები ტომებად ერთიანდებოდნენ, საერთო ბელადი ჰყვადათ და ჯოგებად დაეხეტებოდნენ. დღეს, 21-ე საუკუნის საქართვლოში, არსებობს მმართველი "ნაციონალური მოძრაობა~, რომელსაც რამდენიმე "სახე~ ჰყავს. ისინი თავიანთი ლოკალური გაერთიანების ბელადები არიან და ერთი უწყებიდან მეორეში თავისი "გუნდით~ გადაადგილდებიან. თითო "სახეს~ დაახლოებით 20-იდან 30-მდე თანმხლები პირი დაჰყვება. სამმართველოებსა და დეპარტამენტებში საკადრო ცვლილებებს ისინიც ისეთივე წარმატებით ახორციელებენ, როგორც მათი ბელადები. საბოლოო ჯამში, მინიმუმ ნახევარ და მაქსიმუმ წელიწადში ერთხელ, ამა თუ იმ უწყებაში, დაახლოებით 100-200 თანამშრომელი იცვლება. მართვაში ასეთი მიდგომა თავისთავად გამორიცხავს ყველანაირ საერთოს პროფესიონალიზმთან.
როდესაც რევოლუციონერი ნაციონალები ხელისუფლებაში მოვიდნენ, მათი მთავარი კოზირი პროფესიონალიზმზე იყო ორიენტირებული, რაც კორუფციის, პროვინციალიზმისა და კლანურ-ქურდული მენტალიტეტის მმართველობაში დამარცხებას თავისთავად ნიშნავდა. ისინი იმასაც ამბობდნენ, რომ წარმოადგენდნენ ერთ გუნდს და ერთი წევრის მხრიდან გაპარული შეცდომის შემთხვევაშიც კი პასუხიმგებლობას ვერავინ გაექცეოდა. მაგრამ ყველაფერი სხვაგვარად მოხდა.
მართალია, ისტორიას ბევრი ფაქტის გადაფასება შეუძლია. მაგრამ "ნაციონალების~ მმართველობაზე რამდენიმე დასკვნის გაკეთება უკვე შესაძელებელია. დღევანდელი ხელისუფლების არაპროდუქტიულობას, მენეჯმენტში პრობლემებსა და არაკვალიფიციურობას მომავალშიც იგივე სახელი დაერქმევა. სწორედ ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემების ბრალია ხშირი საკადრო ცვლილებები და ექსპერიმენტები ყველა დონეზე _ მინისტრიდან რიგით სპეციალისტამდე. ნაციონალები მართვისთვის მზად არ აღმოჩნდნენ.
ამ რელობის შესაცვლელად კიდევ უფრო მოუმზდებლები ოპოზიციური გაერთიანებების წამომადგენლები არიან. თუმცა კლასიკური ფორმის ოპოზიციურ პარტია, ისევე როგორ მმართველი პარტია, საქართველოს არ ჰყავს. ორივე მხარის წარმომადგენლებს ერთადერთი მიზნი აქვთ _ ტოტალური უმუშევრობის დროს როგორმე დასაქმდნენ. ასე გადანაწილდნენ ზოგნი საკანონმდებლო და ზოგნი აღმასრულებელ ხელისუფლებაში.
მძიმე რეალობიდან თავის დაღწევა მხოლოდ და მხოლოდ ახალ პოლიტიკურ სახეს და ახალ პოლიტიკურ გაერთიანებას შეუძლია. მოძველებულმა პოლიტიკურმა ფიგურებმა ეს კარგად იციან, ამიტომ ცდილობენ, სიახლეს ბარიერი შეუქმნან და ჯანსაღი კონკურენციის საშიშროება თავიდან აირიდონ.
საქართველოს არაჯანსაღი პოლიტიკური ფიგურების ვნებების განეიტრალება საზოგადოებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლება, თუ სიმართლის გაგების უნარი და თავისუფლების სურვილი გაუჩნდება, როდესაც გააპროტესტებს შეურაცხყოფას პოპულარობაზე და ძვირადღირებულ ბიზნესინტერესებზე გაყიდული ადამიანებისგან, რომლებსაც ხალხისთვის იმის წამოყვედრებაც კი შეუძლიათ, რომ მათ თურმე საარჩევნო ხმის გაცვლა პურისა და წამლის ფულზე მოუხდათ.
"ჯი-ეიჩ-ენი", ეკა აბრამიშვილი