რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში, სოხუმის აეროპორტში მოსკოვიდან საცდელი რეისი შესრულდა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, თვითმფრინავში იმყოფებოდა ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატი ბადრა გუნბა.
"დღეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა. 30 წელზე მეტი ხნის შემდეგ სოხუმის აეროპორტმა მიიღო თვითმფრინავი, რომელსაც ამდენი ხანი ველოდით. დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთში ფრენების გეოგრაფია გაფართოვდება... ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ მსგავსი პროექტი გააუმჯობესებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას და მიმზიდველობას", - თქვა გუნბამ.
3 თებერვალს ოკუპირებული აფხაზეთის ახალმა რუსმა კურატორმა, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის აპარატის უფროსის პირველმა მოადგილემ სერგეი კირიენკომ სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქციის მიმდინარეობაზე კომენტარი გააკეთა.
კირიენკომ აღნიშნა, რომ „აეროპორტი დამატებით შესაძლებლობებს გაუხსნის როგორც აფხაზეთის მოქალაქეებს, ასევე რუს ტურისტებს“. მისი თქმით, ინვესტორები უკვე ფიქრობენ სამომავლოდ მის გაფართოებაზე.
სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს, სოხუმის აეროპორტს არ ცნობს საერთაშორისო აეროპორტად. ორგანიზაციამ გააუქმა აეროპორტის კოდი და ამოიღო ინფორმაცია მის შესახებ დოკუმენტებიდან ჯერ კიდევ 2006 წელს.
2023 წლის ოქტომბერში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობამ ხელი მოაწერა ხელშეკრულებას რუსულ კომპანია Infrastructure Development-თან აეროპორტის რეკონსტრუქციის შესახებ.
Infrastructure Development არის რუსეთის შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის რაშიდ ნურგალიევის ვაჟის, რაშიდ ნურგალიევის კომპანია.
ყოფილი შს მინისტრი ნურგალიევი ამჟამად რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივნის პირველი მოადგილის პოსტს იკავებს.