რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომში იმდენად დიდ დანაკარგს განიცდის, რომ დაღუპული სამხედროების რაოდენობა უკვე აღემატება იმ ახალწვეულთა რიცხვს, რომელთა გაწვევასაც რუსეთის არმია ყოველთვიურად ახერხებს. ამის შესახებ გაერო-ში აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა მაიკ უოლცმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.
ამერიკელი დიპლომატის თქმით, დანაკარგების ამჟამინდელი ტემპი მოსკოვისთვის საბრძოლო მოქმედებებს სულ უფრო ართულებს.
მისი ინფორმაციით, რუსეთი ყოველთვიურად 20-25 ათას ახალ სამხედრო მოსამსახურეს იწვევს, მაშინ როცა იმავე პერიოდში დაღუპულთა რაოდენობა 30-35 ათასს აღწევს.
უოლცმა რუსეთის ამჟამინდელი დანაკარგები ისტორიულ სამხედრო კამპანიებსაც შეადარა და აღნიშნა, რომ მათი მასშტაბი მეორე მსოფლიო ომში საბჭოთა კავშირის დანაკარგებს უახლოვდება.
„ეს გეომეტრიული პროგრესიით აღემატება ავღანეთში მათ დანაკარგებს და უახლოვდება იმ დანაკარგების მასშტაბს, რომელსაც ისინი მეორე მსოფლიო ომის დროს განიცდიდნენ - დღეში ათასი ადამიანი. ეს უბრალოდ დაუშვებელია“, - განაცხადა უოლცმა.
დიპლომატის შეფასებით, ორივე ქვეყანა ხანგრძლივი საბრძოლო მოქმედებების შედეგად უკვე გამოფიტულია და ომის გაგრძელებას პერსპექტივა არ აქვს.
„ამ ომის სამხედრო გზით მოგება შეუძლებელია. ის დიპლომატიური გზით უნდა დასრულდეს“, - თქვა აშშ-ის ელჩმა გაეროში.