ყოფილი სახელმწიფო მინისტრი მთავრობას ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შემცირებას ურჩევს.
როგორც თავისუფალი უნივერსიტეტის საბჭოს თავმჯდომარემ კახა ბენდუქიძემ, დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, მთავრობამ ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი მაქსიმალურად უნდა შეამციროს.
"2010 წლის ბიუჯეტის ზრდა ეკონომიკური ზრდის ტემპის გაუმჯობესებითაა გამოწვეული. ბიზნესი გააქტიურდა და ლიკვიდურობაც გაიზარდა. თუმცა კარგი იქნებოდაც, რომ წელს ხარჯები შეგვემცირებინა. ანალოგიური შემცირება უნდა მოხდეს მომავალ წელსაც"- აცხადებს კახა ბენდუქიძე.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებები უკვე შეიტანა, რომლის თანახმად დამტკიცებული ბიუჯეტი 215 მილიონი ლარით გაიზარდა.
მთავრობის მტკიცებით, ბიუჯეტის 215 მილიონი ლარით ზრდა ქვეყნის ეკონომიკურმა წინსვლამ და დამატებით გრანტების გამოყოფამ განაპირობა. კერძოდ, 215 მილიონიდან 65 მილიონი გრანტებზე, ხოლო 150 მილიონი კი გადასახადებიდან შემოსულ თანხაზე მოდის.
გაზრდილი ბიუჯეტიდან თანხები ინფრასტრუქტურული პროექტებს, სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ლიკვიდაციას, დევნილთათვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობასა და კომპენსაციების დარიგებას მოხმარდება.