იაპონური მედიაგამოცემა Shūkan Bunshun იუწყება, რომ საქართველოს პროპუტინისტი დიქტატორის, ბიძინა ივანიშვილის უფროსი შვილი იაპონიაში საქართველოს ელჩს, თეიმურაზ შეხვდა. მედიის ცნობით, შეხვედრა 26 იანვარს, ტოკიოს ერთ-ერთ რესტორანში შედგა.
გამოცემა ავრცელებს შეხვედრის ამსახველ ფოტო მასალასაც, სადაც ჩანს ლეჟავა, თუმცა დაფარულია "ივანიშვილის უფროსი შვილის", უტა ივანიშვილის სახე.
Shūkan Bunshun-ის მტკიცებით, შეხვედრა დაახლოებით ერთი საათს გაგრძელდა, რომლის დასასრულს ლეჟავამ ივანიშვილს დიდი შავი ჩანთა გადასცა და უთხრა, რომ - "აქ არ გახსნა, იმედი მაქვს გამოგადგება".
გამოცემის ჟურნალისტურმა გამოძიებამ დაადგინა, რომ ივანიშვილის უფროსმა ვაჟმა გასულ წელს ტოკიოს ცენტრში შეიძინა დაახლოებით 3.5 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ელიტარული ბინა კომპლექსში.
“ივანიშვილის ვაჟმა ბინა შეიძინა ივნისში, მაშინ როდესაც საქართველოში დიდი არეულობა იყო. ამას მალევე მოჰყვა აშშ-ის სანქციები დეკემბერში, რაც ბადებს ეჭვს, რომ ეს ტრანზაქცია სანქციების თავიდან აცილების ნაწილი იყო,” – აღნიშნავს ექსპერტი.
სტატიაში ასევე ხაზგასმულია უტა ივანიშვილის მიერ აშშ-ის მხრიდან მამის დასანქცირების შემდეგ იაპონიაში ახალი სააქციო საზოგადოების - ატუ ჰოლდინგის დაარსების შესახებ.
გამოცემა იაპონიაში უტას ნაცნობს ესაუბრა, რომელიც Shūkan Bunshun-ს უყვება, რომ ივანიშვილი ჩვეულებრივი ახალგაზრდა ბიჭია, მას აინტერსებს ვიდეო თამაშები და უყვარს "მაფიას" თამაში. ასევე, ნაცნობი ამბობს, რომ უტა ხშირად დადის სხვადასხვა ბარებში სოციალურ შეკრებებზე, საკუთარი სოციალური წრის გასაზრდელად იყენებს SNS და გაცნობის აპლიკაციებს და მას სახლში რამდენჯერმე აქვს მოწყობილი წვეულება თავისი რუსი მეგობრებისთვის.
2 თებერვალს Shūkan Bunshun-ის ჟურნალისტმა სცადა თავად უტა ივანიშვილთან გასაუბრებაც. საუბრის ამსახველ ვიდეოში კვლავ დაფარულია უტას სახე. ის ამბობს, რომ ატუ ჰოლდინგსის შესახებ მან არაფერი იცის და ის ტოკიოში ვიდეო თამაშების დიზაინერად მუშაობს ერთ-ერთ პატარა სტარტაპში.
გამოცემა ხაზს უსვამს, რომ შესაძლოა, მალე უტა ივანიშვილიც მოექცეს სანქციების ქვეშ.