„სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის სახით გამოკითხულია მზია ამაღლობელთან შემხებლობაში მყოფი პოლიციის 10 თანამშრომელი, მათ შორის, ირაკლი დგებუაძე.
ინფორმაცია ბათუმელებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში დაუდასტურეს დაუდასტურეს.
"პოლიციის ყველა თანამშრომელი გამოკითხვისას უარყოფს მზია ამაღლობელის მიერ დასახელებული გარემოებების ნამდვილობას". - წერს გამოცემა.
ნეტგაზეთის და ბათუმელების დამფუძნებელი მზია ამაღლობელი პირველად 11 იანვარს ადმინისტრაციული წესით დააკავეს, როცა მან აჭარის პოლიციის სამმართველოს შესასვლელის ღობეზე გააკრა სტიკერი 15 იანვარს დაგეგმილ საყოველთაო გაფიცვასთან დაკავშირებით. დაკავებისას მზია ამაღლობელისთვის არავის განუმარტავს დაკავების საფუძველი და სამართლებრივი ნორმები, რასაც პოლიციას კანონმდებლობა ავალდებულებს.
მეორედ დაკავების შემდეგ, ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმის ბრალდებას და 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.
ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს მზია ამაღლობელმა დაკავების შემდეგ არასათანადო მოპყრობასა და ძალადობაში დასდო ბრალი.
მზია ამაღლობელის თქმით, დაკავების შემდეგ ირაკლი დგებუაძემ მას სახეში შეაფურთხა და მასზე იწევდა ფიზიკური ანგარიშსწორების მიზნით. ბათუმის პოლიციის უფროსი მზია ამაღლობელს არ აძლევდა წყლის დალევის, ასევე ტუალეტით სარგებლობის საშუალებას.