უამინდობა მთელი ქვეყნის მასშტაბით გაგრძელდება. გეოლოგები საქართველოს რამდენიმე რეგიონში მეწყერის ჩამოწოლასაც პროგნოზირებენ. ძლიერი წვიმების შედეგად საფრთხე კახეთის რეგიონს, ქვემო ქართლს, რაჭა-ლეჩხუმის სოფლებს, სვანეთსა დაიმერეთს ემუქრება. ეს ტერიტორიები მეწყერსაშიშ ზონებს მიეკუთვნება, ამიტომაც ძლიერი ნალექის შემთხვევაში შესაძლოა რეგიონები დაიმეწყროს.
ნალექი მოსალოდნელია დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში. იწვიმებს თბილისშიც. მომდევნო სამი-ოთხი დღის განმავლობაში საღამოს საათებში სპეციალისტები ძლიერ წვიმას პროგნოზირებენ. მოსალოდნელია ელჭექი და სეტყვაც. რამდენიმე დღეში დასავლეთ საქართველოში შესაძლოა ოდნავ გამოიდაროს, თუმცა არამდგრადი ამინდები მაინც შენარჩუნდება.
"აღმოსავლეთ საქართველოში და მათ შორის თბილისში საღამოს და ღამის საათებში ისევ ველოდებით ნალექს. აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონებში შესაძლოა აღინიშნოს სეტყვა და ელჭექი, რომლის დროსაც გაძლიერდება ცვალებადი მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა 34-35 გრადუსის ფარგლებში იქნება", _ აცხადებს გარემოს ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი მაია უგრეხელიძე.