საჯარო ბიბლიოთეკაში ბარბარე ერისთავი-ჯორჯაძის სახელობის ფემინისტური სივრცე გაიხსნა.
პირველი ქართველი ფემინისტის მანიფესტი დღესაც აქტუალურია - "რადგან მოვიდა დრო განათლებით აყვავებისა, ახლა მაინც დაანებეთ კაცებმა თავი მოშურნეობას, მიეცით ქალებსაც თანასწორი შესწავლა და მიმართულება, რომ შეგეძლოთ კიდეც კუალში ჩადგომა და ანგარიშის მოთხოვნა თანამედროვე ქალისა."
"ორიოდე სიტყვა ყმაწვილ კაცების საყურადღებოდ" ჟურნალ "კვალში" 1893 წელს გამოქვეყნდა, გაზეთ "ივერიაში" დაწყებული პოლემიკის საპასუხოდ, რომ ქართველ ქალს ქართული ენა ავიწყდება და რუსულად საუბარი ურჩევნია. მან ილია ჭავჭავაძესთან დაპირისპირება გაბედა.
ბარბარე ერისთავი-ჯორჯაძე მამების და შვილების ბრძოლაში მამების პოზიციას იცავდა, იყო განმანათლებელი და პოლემისტი, წერდა მოთხრობებს, ლექსებს, პიესებს. მან წიგნად შეკრა ქართული კერძების რეცეპტები - "სრული სამზარეულო".
კაბინეტის კედლებზე ქართველი ფემინისტები ანუკა ბელუგამ გააცოცხლა.