საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს შეუერთდა. 16 თებერვალს, სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრს“ პროზაიკოსი და ტელეჟურნალისტი, ეკატერინე ტოგონიძე ესტუმრა და ახალგაზრდული პროგრამების მონაწილეებს შეხვდა. სტუმარი ახალგაზრდებს წიგნის მნიშვნელობისა და საკუთარი შემოქმედების შესახებ ესაუბრა; განიხილეს რამდენიმე საინტერესო მოთხრობა და მათი პერსონაჟები. ეკატერინე ტოგონიძე ლიტერატურული პრემია „საბა 2012“-ის ლაურეატია; მისი მოთხრობები იბეჭდება ქართულ და უცხოურ გამოცემებში. მიღებული აქვს არაერთი ლიტერატურული ჯილდო.
აღსანიშნავია, რომ წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღე, 2010 წლიდან, მსოფლიოს 100 ქვეყანაში აღინიშნება და მასში 30 მილიონზე მეტი ადამიანი მონაწილეობს. საქართველო ამ თარიღს უკვე მეორედ აღნიშნავს. მისი მიზანი წიგნიერებისა და წიგნის კითხვის პოპულარიზაციაა.
იუსტიციის სამინისტრო სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ ახალგაზრდებში სამოქალაქო და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით სხვადასხვა პროგრამებს ახორციელებს. ამ კუთხით აღსანიშნავია ერთ-ერთი წარმატებული პროექტი - „წიგნის კლუბი“, რომელშიც ჩართულნი არიან 14-18 წლის მოზარდები. „წიგნის კლუბის“ ფარგლებში მოზარდები ეცნობიან ლიტერატურულ ნაწარმოებებს, განიხილავენ მათ ავტორებსა და პერსონაჟებს. პროექტი „წიგნის კლუბი“ თბილისის გარდა, საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ქალაქის იუსტიციის სახლებშიც მიმდინარეობს.