ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში მონაწილე აფხაზ და ოს სეპარატისტთა დელეგაციები უკმაყოფილებას გამოთქვამენ მოლაპარაკებათა მე-11 რაუნდზე ქართული დელეგაციის წევრთა მიერ მათდამი განხორციელებული შეურაცხმყოფელი ქმედებების გამო და ამასთან დაკავშირებით საგანგებო ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
განცხადებაში სეპარატისტები აცხადებენ, რომ ქართულმა მხარის მხრიდან მათ მიმართ "პროვოკაციულ გამონათქვამებსა და შეურაცხმყოფელ ქმედებებს" ჰქონდა ადგილი და უკმაყოფილებას გამოთქვამენ იმასთან დაკავშირებით, რომ "ამგვარი ქმედებები ყურაღების მიღმა დატოვეს მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეებმა".
"თანათავმჯდომარებმა ყურადღების მიღმა დატოვეს მოლაპარაკებათა პრაქტიკაში მიუღებელი, ქართული დელეგაციის მიერ განხორციელებული პროვოკაციული გამონათქვამები და შეურაცხმყოფელი ქმედებები", _ აცხადებენ სეპარატისტები გავრცელებულ განცხადებაში, თუმცა არ აკონკრეტებენ, კონკრეტულად ვის მიმართ იყო გამოყენებული ქართული მხარის მიერ განხორციელებული "შეურაცხმყოფელი ქმედებები და პროვოკაციული გამონათქვამები".
სეპარატისტთა განცხადების მიხედვით, "ადრე შეთანხმებული დღის წესრიგი გულისხმობდა რიგი საკითხების განხილვას, რომლებიც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოების მიღწევის გზების უზრუნველყოფას ისახავდა მიზნად".
მათ უკმაყოფილებას ასევე იწვევს ის ფაქტი, რომ "აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დელეგაციების ყველა მცდელობა მიეღწიათ აფხაზი და ოსი ხალხისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელ უმნიშვნელოვანეს საკითხებზე მათი პოზიციის გაგებისადმი, დისკუსიების ქართველი და ამერიკელი მონაწილეების მხრიდან, ისევე როგორც თანათავმჯდომარეების მხრიდან გაუგებრობას შეხვდა".
მათი მტკიცებით, პირველ სამუშაო ჯგუფში, სადაც უსაფრთხოების უზრუნველყოფის პრობლემები განიხილებოდა, "საქართველოსა და აშშ-ის წარმომადგენლების მიერ განხორციელებული იყო მორიგი მცდელობა დისკუსიების მთავარი საკითხის _ ძალის გამოუყენებლობის შესახებ მომავალი დოკუმენტის პროექტის ბლოკირებისა".
"ამის ნაცვლად, _ აცხადებენ სეპარატისტები _ "ჩვენ მეორეხარისხოვანი საკითხების განხილვა შემოგვთავაზეს".
სეპარატისტების მტკიცებით, უარყოფილი იქნა ასევე ე. წ. სამხრეთ ოსეთის დელეგაციის მიერ დაყენებული საკითხი ე. წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიისთვის ქართული მხრიდან გაზის მიწოდების შესახებ. მათ ასევე დააყენეს "ქართულ ციხეებში მყოფი და უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების საკითხი, თუმცა მაგრამ მათზე ქართული მხრიდან გონივრული პასუხი ვერ მოვისმინეთ".
სეპარატისტები უკმაყოფილებას გამოთქვამენ მეორე სამუშაო ჯგუფის გამოც. სწორედ ამ ჯგუფის სამუშაო პროცესში, სეპარატისტების მტკიცებით, ქართული დელეგაციის წევრებმა "პროვოკაციული განცხადებები" გააკეთეს და "შეურაცხმყოფელი ქმედებები" ჩაიდინეს.
"სამწუხაროდ, ამ ჯგუფის მუშაობა არაკონსტრუქციულ ვითარებაში წარმართა. რამაც ჯგუფის მუშაობის გაგრძელება შეუძლებელი გახადა", _ იუწყებიან სეპარატისტები.
"ამგვარი დესტრუქციული და უპასუხისმგებლო პრაქტიკა დისკუსიის გაგრძელებისა და ახლო პერსპექტივაში სასიცოცხლოდ აუცილებელი შეთანხმების მიღწევას ეჭვქვეშ აყენებს", _ ნათქვამია განცხადების დასასრულს და იქვე აღნიშნულია, რომ "აფხაზური და ოსური მხარეები მზადყოფნას გამოთქვამენ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების გაგრძელებისა, ყველასთვის მისაღები გადაწყვეტილებების ძიების გაგრძელების საკითხში, რომლებიც მთელს რეგიონში მშვიდობის დამყარებას შეუწყობს ხელს".