საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი პარიზში გრძელდება. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მატინიონის სასახლეში, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრს ფრანსუა ფილონს ხვდება. მანამდე კი სააკაშვილი საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ბერნარ კუშნერს შეხვდა. საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრა დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა. სხდომის დასრულების შემდეგ ბერნარ კუშნერი მედიას ესაუბრა.
მისი განცხადებით, შეხვედრაზე 12 აგვისტოს გაფორმებულ ცეხლის შეწყვეტის შესახებ დოკუმენტზედაც ისაუბრეს. კუშნერის თქმით, იგი წუხს, რომ რუსეთი ამ დოკუმენტის რამდენიმე პუნქტს დღემდე არ ასრულებს. კუშნერის განცხადებით, საფრანგეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებას და მის სუვერენიტეტს.
"საქართველოსა და საფრანგეთს შორის მეგობრული ურთიერთობები არსებობს. მეგობრული ურთიერთობა აქვთ ამ ორი ქვეყნის პრეზიდენტსაც. შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოს განვითარების განსაკუთრებულ ტემპზე და რეგიონში მიმდინარე პროცესებზე. უკვე დავსახეთ ერთობლივი პროექტებიც. ჩვენ საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების მომხრე ვართ. ვისაუბრეთ ჟენევის კონფერენციაზედაც. დასანანია, რომ ექვსპუნქტიანი შეთანხმება ბოლომდე არ სრულდება", - განაცხადა კუშნერმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს მიხეილ სააკაშვილი ელისეის სასახლეში, საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზისაც შეხვდა.